„2022 და 2023 წლებში საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემო იყო ინდუსტრიისთვის“ - ამის შესახებ „ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, „ეფეს საქართველომ“ წელს ბაზრის მოცულობის კუთხით, ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია და 2023 წელს მთლიან ბაზარზე კომპანიის წილმა 135 მილიონი ლიტრი შეადგინა.
ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი 2023 წლის ზრდაზეც საუბრობს და როგორც ის განმარტავს, გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 3%-იანი ზრდა ჰქონდათ.
„ინვესტორისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ჰქონდეს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 2020 წლიდან 2023 ჩათვლით აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით ჩვენს საინვესტიციო გეგმების განხორციელებასთან დაკავშირებით, რამაც შედეგად მოგვიტანა ის, რომ 2022 და 2023 წლები საუკეთესო საინვესტიციო და ბიზნესგარემო იყო სასმელების მწარმოებელი ინდუსტრიისთვის.
ბაზრის მოცულობის თვალსაზრისით ყველაზე მაღალი ნიშნული გვქონდა. მთლიანი ბაზრის ლუდის ინდუსტრიის მიმართულებით 135 მილიონ ლიტრს მივაღწიეთ, რაც წინა წელთან შედარებით დაახლოებით 2-3%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია, რომ 2022 წელსაც ძალიან მნიშვნელოვანი - 11%-იანი ზრდა გვქონდა“ - აღნიშნავს ის.
„ეფეს საქართველოს“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი გამოწვევებზეც საუბრობს და როგორც ამბობს, ძალიან დიდი ხელშემწყობი ფაქტორი იქნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ბიზნესს ფინანსებთან წვდომას გაუზრდის.
„გამოწვევა ძალიან ბევრია, როგორც გლობალური გარემო ასევე შიდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები გაგრძელდეს. ძალიან დიდი ბუსტი იქნება კანდიდატის სტატუსი, ის დიდ წვდომას გაგვიხსნის ფინანსებთან.
რაც შეეხება უშუალოდ პრობლემებს - ესენია ლოგისტიკური საკითხები, ფინანსებთან წვდომა, კადრების დეფიციტი, თუმცა ეს არის მუდმივი შრომის საკითხი, აღნიშნულ გამოწვევებთან დაკავშირებითაც აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ხელისუფლებასთან“, - განმარტავს ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი.