კომპანია „ეფეს საქართველოში” ელოდებიან, რომ მიმდინარე წელს ლუდის ბაზარზე ადგილობრივი წარმოების წილი გაიზრდება.
როგორც კომპანიის კორპორაციულ საქმეთა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, გასულ წელს სექტორში განხორციელებული ცვლილებების და კონცენტრაციების შედეგად, ბაზარზე იმპორტირებული ლუდის წილი დროებით დაახლოებით 16%-მდე გაიზარდა.
თუმცა როგორც ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი აღნიშნავს, მიმდინარე წლის ბოლოსთვის მოსალოდნელია, რომ ადგილობრივი წარმოება აქამდე არსებულ მაჩვენებლებს დაუბრუნდება.
რაც შეეხება ლუდის ადგილობრივ მოხმარებას, კომპანიაში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი ხელის შემშლელი ფაქტორი ზაფხულის პერიოდში შედარებით გრილი ამინდი იყო, თუმცა აღნიშნავენ, რომ ბაზარი მაინც სტაბილურად ვითარდება.
“2025 წლის მონაცემით, ჩვენ გვაქვს ისტორიულად ლუდის ყველაზე დიდი ბაზარი - 141 მილიონი ლიტრი. თუმცა იმპორტირებული პროდუქცია გაიზარდა იმაზე უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ ველოდებოდით. მაგრამ ამას თავისი ბუნებრივი მიზეზები ჰქონდა, იმიტომ რომ როგორც წესი, ლუდის ბაზარი ზოგადად ადგილობრივი ბრენდების ბაზარია და პრემიალურ ბრენდებს, რომლების ლიცენზიაც გვაქვს, ადგილობრივად ვაწარმოებთ და ეს ადგილობრივ წარმოებად ითვლება.
თუმცა ჩვენს ინდუსტრიაში 2025 წელს დიდი ცვლილება მოხდა. მსხვილმა კომპანიებმა შეიძინეს ორი კომპანია და ამ შეძენის პროცესში მათ დაკარგეს ლიცენზიები, რომელიც მომენტალურად ჩანაცვლდა იმპორტით. თუმცა წარმოება, ლიცენზიები პრაქტიკულად უკვე გაიცვალა ერთმანეთში, აღდგა. შესაბამისად, 2026 წელს ველოდებით, რომ 141 მილიონი ლიტრის ბაზრის 16%, რომელიც იმპორტირებული იყო, 10-12%-ზე მეტი აღარ იქნება 2026 წლის ბოლოს. ეს ინფორმაცია 2027 წლის პირველი კვარტალისთვის გვექნება.
რაც შეეხება მოხმარებას, ამინდმა შეგვიშალა ხელი, განსაკუთრებით ლუდის მიმართულებაში, თუმცა მთელმა ინდუსტრიამ მაინც ყველაფერი გავაკეთეთ, რომ შარშანდელი მაჩვენებელი შეგვენარჩუნებინა და შესაბამისად, ჩვენი მოლოდინიც არის, რომ ბაზარი სტაბილური იქნება, დაახლოებით 141-143 მილიონი ლიტრის ფარგლებში წლის ბოლოსთვის.
ზოგადად, ლუდის ბაზარზე ტენდენცია პოზიტიურია იმ თვალსაზრისით, რომ პრემიალური, "კრაფტის" სეგმენტი ვითარდება. ამ სეგმენტის განვითარება ბაზრის მოთხოვნაა, მათ შორის ტურიზმის სექტორის ზრდაც ხელს უწყობს ამ ტენდენციას”, - განაცხადა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა.
ცნობისთვის, “თიბისი კაპიტალის” თანახმად, საქართველოში ლუდის მოხმარებამ 2025 წელს ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და 141 მილიონი ლიტრი შეადგინა. მონაცემების თანახმად, გაიზარდა იმპორტირებული პროდუქციის წილი და გასულ წელს მთლიანი მოხმარების 16% შეადგინა, მოხმარების 84% კი ადგილობრივ ლუდზე მოდიოდა.























