"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ" 2022 წლის სატელევიზიო სარეკლამო ბაზრის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, თითქმის 4-ჯერ (13 მლნ ლარით) შემცირდა მაუწყებლების მიერ აზარტული თამაშებიდან მიღებული შემოსავალი და 4.8 მლნ ლარი შეადგინა.
ამის მიზეზი კანონში დაჩქარებული წესით მიღებული ცვლილებაა, რომლითაც მაუწყებლებში აზარტული თამაშების რეკლამა აიკრძალა. ორგანიზაციის შეფასებით, ამან მთლიანად მაუწყებლების წლიური სარეკლამო შემოსავლები შეამცირა. კერძოდ, 2022 წელს ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 10 მლნ ლარით 73.6 მლნ ლარამდე შემცირდა.
ჯამური სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი ნაწილი (27 მლნ. ლარზე მეტი) “იმედის ჰოლდინგმა” მიიღო. შემდეგ მოდიან: “მთავარი არხი” - 10 მლნ მლნ ლარით; “მედიაჰოლდინგი” (“რუსთავი 2”) - 9 მლნ ლარით; “ტელეკომპანია პირველი” - 5.8 მლნ ლარით და “ფორმულა” - 5.7 მლნ ლარით.
“იმედის ჰოლდინგში” გაერთიანებულია: ტელეკომპანიები “იმედი”, “სტუდია მაესტრო” და “ჯი-დი-ესი”. სატელევიზიო მაუწყებლების საერთო სარეკლამო შემოსავლების 37% "იმედი ჰოლდინგმა" მიიღო. აქედან 25.1 მლნ ლარი ტელეკომპანია იმედის სარეკლამო შემოსავალია, 1.9 მლნ ლარი “ჯი-დი-ეს-ის”, 316 295 ლარი კი - “სტუდია მაესტროსი”.
2021 წლის მსგავსად, ზრდის დინამიკაა საზოგადოებრივი მაუწყებლის სარეკლამო შემოსავალში. 2022 წელს, მაუწყებელმა რეკლამიდან თითქმის 700 ათასი ლარით მეტი მიიღო და 3.1 მლნ ლარი შეადგინა.
წინა წელთან შედარებით, გაიზარდა ტელეკომპანია “პოსტვ-ის” სარეკლამო შემოსავალიც (0.1 მლნ ლარით - 4.8 მლნ ლარამდე).
2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, 1.85 მლნ ლარით - 10.055,591-მდე შემცირდა ტელეკომპანია “მთავარი არხის” ჯამური სარეკლამო შემოსავალიც. 2022 წელს 2.1 მლნ ლარით შემცირდა “მედიაჰოლდინგის“ (“რუსთავი 2-ის”) სარეკლამო შემოსავალიც. 2021 წელს, ჰოლდინგმა რეკლამიდან 11. 9 მლნ ლარი მიიღო, 2022 წელს კი - 9 016 569 ლარი.
2022 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.22 მლნ ლარით - 5 780 133 ლარამდე მოიკლო “ტელეკომპანია პირველის” ჯამურმა სარეკლამო შემოსავალმაც. გასულ წელს, შედარებით მცირედით, 0.2 მლნ ლარით შემცირდა ტელეკომპანია “ფორმულას” მიერ რეკლამიდან მიღებული შემოსავალიც. 2022 წელს “ფორმულამ” რეკლამიდან 5.730,052 ლარი მიიღო.