მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

IV კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 35%-ით შემცირდა - Comcom

ტელევიზიები

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის IV კვარტალში ტელევიზიების სარეკლამო შემოსავლები 35%-ით 21.4 მლნ ლარამდე შემცირდა.

მარეგულირებლის განცხადებით, კომერციული სარეკლამო შემოსავლების კლება გარკვეულწილად წინასაარჩევნო პერიოდმა განაპირობა, რადგან ოქტომბრის თვეში მაუწყებლები სარეკლამო დროს ფასიანი პოლიტიკური რეკლამის განთავსებას უთმობდნენ.

2024 წლის IV კვარტალში ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მაუწყებლებმა 9.8 მილიონი ლარი მიიღეს. შესაბამისად, კომერციული და პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავლებმა ჯამში - 33.8 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის იმავე პერიოდში მიღებულ კომერციულ შემოსავლებთან შედარებით 4.4%-ით ნაკლებია.

გარდა ამისა, შემოსავლების შემცირება განაპირობა იმ ფაქტორმაც, რომ საანგარიშო პერიოდში მაუწყებლები საგანგებო რეჟიმში უწყვეტი პირდაპირი ეთერის ფორმატში აშუქებდნენ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რამაც თავის მხრივ, მაუწყებლების წინასწარ დაგეგმილ საეთერო ბადეში ცვლილებები განაპირობა, რაც კომერციული რეკლამისთვის დათმობილ დროზეც აისახა.

ტელევიზიებისთვის 2024 წლის IV კვარტალში მიღებული სარეკლამო შემოსავლების ძირითადი, 74.4%-იანი წილი პირდაპირმა რეკლამამ, 12.9% - სპონსორობამ, ხოლო 12.7% პროდუქტის განთავსებამ შეადგინა.

სატელევიზიო კომერციული სარეკლამო შემოსავლების ყველაზე დიდი წილი 2024 წლის IV კვარტალში კვლავ „ტელეიმედს” ჰქონდა, რომლის შემოსავალმაც 7.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 6.7 მილიონი ლარით ნაკლებია.

3.5 მილიონი ლარი მიიღო „რუსთავი 2“-მა, რაც წინა წელთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით ნაკლებია. 0.6 მილიონი ლარით შემცირდა „მთავარი არხის“ შემოსავალი და 2.1 მილიონს გაუტოლდა. 2024 წლის IV კვარტალში 1.9 მილიონი ლარი მიიღო პოსტვ-იმ, რაც 2023-ის იმავე პერიოდში მიღებულ შემოსავალთან შედარებით 0.2 მილიონით ნაკლებია. 0.1 მილიონი ლარით ნაკლები მიიღო „ტელეკომპანია პირველმა“, რომლის შემოსავალიც 1.5 მილიონ ლარს გაუტოლდა. 0.8 მილიონი ლარით შემცირდა და 1 მილიონი ლარი შეადგინა „ფორმულას“ შემოსავალმა, ხოლო „ჯი-დი-ეს თი-ვი“-ს შემთხვევაში, კომერციული შემოსავლები 0.8 მილიონ ლარს გაუტოლდა, რაც 2023 წლის IV კვარტალთან შედარებით 0.9 მილიონი ლარით ნაკლებია. „ბი ემ ჯი“-ისთვის 0.2 მილიონი ლარით შემცირდა კომერციული შემოსავლები და სულ 0.8 მილიონი ლარი შეადგინა. „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შემოსავალი ნახევარი მილიონი ლარით შემცირდა და 0.4 მილიონ ლარს გაუტოლდა. რაც შეეხება „სილქნეტს“, მათი შემოსავალი 0.2 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამში 0.3 მილიონი ლარი შეადგინა.

რაც შეეხება რადიოებს, IV კვარტალში მიღებული სარეკლამო კომერციული შემოსავლები 2.4%-ით გაიზარდა და 2.6 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 89.9% პირდაპირ რეკლამაზე, ხოლო 10.1% სპონსორობაზე მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ კომერციული სარეკლამო შემოსავალი კომერციულ რეკლამას, სპონსორობას, პროდუქტის განთავსებას, ტელეშოპინგსა და კომერციულ განცხადებებს მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები