მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს საქართველოდან ექსპორტზე $904 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა - Galt & Taggart

64135cb06b5d1
გიორგი არონია
16.03.23 22:15
961

გასული წელი კრიტიკული მნიშვნელობის იყო ქართული საავტომობილო ინდუსტრიისთვის, რომელმაც რუსეთის ბაზრის ჩაკეტვით იხეირა და საავტომობილო ვაჭრობის რეგიონულ ჰაბად იქცა, - ამის შესახებ Galt & Taggart-ის უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც საინვესტიციო ბანკმა დღეს გაასაჯაროვა. ჯამში, გასულ წელს, საქართველოდან ექსპორტზე $904 მილიონის ღირებულების ავტომობილები გავიდა, რაც, წლის ჭრილში, გაორმაგებული მაჩვენებელია.

ავტომობილების ექსპორტის მხრივ, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებს შორის ევრაზიული კავშირის წევრ სახელმწიფოებს, სომხეთს, ყაზახეთს, რუსეთს, ყირგიზეთსა და ბელარუსს ვხედავთ, რომელთაც, ჯამურად, საქართველოში $402 მილიონის ღირებულების ავტომობილები შეისყიდეს. ამათგან, ყველაზე დიდი წილი სომხეთზე (36%) მოდის, რომელსაც ყაზახეთი (26%), რუსეთი (19%), ყირგიზეთი (18%) და ბელარუსი მიჰყვებიან (1%). ცხადია, ექსპორტში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ უკრაინა და აზერბაიჯანიც, რომელთაც, გასულ წელს, ჯამურად, საქართველოში დაახლოებით $400 მილიონის ღირებულების ავტომობილები შეისყიდეს.

აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ საქართველო ავტომობილებს არ აწარმოებს, ასე რომ ექსპორტის მაჩვენებლის უდიდესი ნაწილი რე-ექსპორტზე მოდის, ანუ იმ პროცესზე, როცა ავტომობილის საბოლოო დანიშნულება არის არა საქართველო, არამედ მესამე ქვეყანა. ამ დროს, საქართველოში ავტომობილი გავლით ხვდება.  

ექსპორტისა და იმპორტის საკითხებთან ერთად, უახლეს კვლევაში, Galt & Taggart-მა მიმოიხილა, როგორც ავტომობილების ბიზნესის გლობალური ტენდენციები, ასევე ადგილობრივი და საექსპორტო ბაზრების მიმოხილვა, ბიზნეს სექტორის ძირითადი მაჩვენებლები - ცხადია, ბანკმა ინდუსტრიის განვითარების მისეული ხედვაც წარმოადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები