მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველომ 6 თვეში ელექტროენერგიის ექსპორტით 31.5%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღო - რა ღირს მთავარ საექსპორტო ბაზარზე კვტ.სთ?

ელექტროენერგია

2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის მოცულობამ 0.8 ტვტ.სთ შეადგინა (+0.1% წ/წ). Galt & Taggart-ის ენერგეტიკული ბაზრის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ წლიურ ჭრილში ზრდა მიზერულია, თუმცა გასულ წლებთან შედარებით, ექსპორტის მოცულობა მაღალი რჩება - 2021 წლიდან გაორმაგებულია, 2022-თან შედარებით კი 21%-ით გაზრდილი.

Galt & Taggart-ში განმარტავენ, რომ მოცულობის ზრდის მიუხედავად, ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 31.5%-ით შემცირდა, რაც ძირითად საექსპორტო ბაზარზე - თურქეთში შემცირებული ფასით აიხსნება.

სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიის ექსპორტის 83.8% (634.6 გვტ.სთ) თურქეთში გავიდა, 11.9% (89.8 გვტ.სთ) სომხეთში, ხოლო დარჩენილი 4.2% (32 გვტ.სთ) აზერბაიჯანში. ექსპორტის საშუალო ფასი 4.8 აშშ ცენტი იყო, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 31.5%-იანი კლებაა.

საქართველოდან ელექტროენერგიის TOP-3 ექსპორტიორი ბუქაფ სოლუშენზ, ქროს ბორდერ ტრეიდინგი და ესკო იყვნენ.

Galt & Taggart-ის ანალიტიკოსები ელექტროენერგიის მთავარ საექსპორტო ბაზრზე არსებულ ვითარებასაც მიმოიხილავენ: „ელექტროენერგიის ფასი თურქეთის ბაზარზე 2023 წლის განმავლობაში მცირდებოდა და ტრენდი 2024 წლის პირველ ნახევარშიც გრძელდება. 2023 წლის ექსპორტის სეზონზე, აპრილ-ივნისში, თურქეთში ელექტროენერგიის საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 8.8 აშშ ცენტი, ხოლო 2024 წლის პირველ ნახევარში 6.5 აშშ ცენტი იყო“.

მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ თურქეთის ბაზარზე შემცირებული ფასებმა ამ ბაზრის მიმზიდველობა შეამცირა.

„იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის ადგილობრივი ფასები პანდემიამდელ ფასებთან შედარებით კვლავ მცირედით მაღალია, ტრანზიტის ოდენობა პანდემიამდელ მაჩვენებლებს კვლავ აღემატება. 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს გავლით თურქეთში 0.4 ტვტ.სთ ელექტრონერგიის ტრანზიტი განხორციელდა, რომელიც სრულად აზერბაიჯანიდან მოდიოდა“, - ნათქვამია მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები