საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ბერლინში გამართული საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული” ფარგლებში, უზბეკეთის სოფლის მეურნეობისა და წყლის რესურსების მინისტრ აზიზ ვოიტოვს შეხვდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების დიდი პოტენციალი არსებობს.
სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის წინასწარი მონაცემებით, საქართველოდან უზბეკეთში 23.6 მლნ აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა. აღნიშნული მაჩვენებელი 119%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს. გასულ წელს, მთლიან აგროსასურსათო ექსპორტში უზბეკეთის წილმა 1.9% შეადგინა. შეხვედრაზე აზიზ ვოიტოვმა აღნიშნა, რომ უზბეკეთი მზადაა, მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ქართველი სპეციალისტების ცოდნა და გამოცდილება გაიზიაროს. ოთარ შამუგიამ უზბეკ კოლეგასთან შეხვედრაზე საქართველოში ღვინის წარმოების 8 000- წლიანი უწყვეტი ისტორიის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზაზე ვაზის 600-ზე მეტი ჯიშია წარმოდგენილი; ღვინის ხარისხის კონტროლის მექანიზმები, სახელმწიფო პროგრამები და მარკეტინგული ღონისძიებები საშუალებას იძლევა, ქართულმა ღვინომ მსოფლიო ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, მეგობარ ქვეყნებს ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ”, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასურსათო უსაფრთხოების საკითხსაც. მხარეებმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.