მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წელს ტექინსპექტირებისას მანქანების 30% დახარვეზდა - იორდანიშვილი

63b6a16a6d7f7
ვიქტორია მღებრიშვილი
05.01.23 14:05
886
„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის ვაჟა იორდანიშვილის ინფორმაციით, 2022 წელს პირველადი ტექინსპექტირებისას დაახლოებით 250 000 სატრანსპორტო საშუალება დახარვეზდა, რაც ტექინსპექტირებაგავლილი ავტომობილების 30%-ს შეადგენს. ამის შესახებ მან მედიაცენტრ „მთავარში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვაჟა იორდანიშვილმა აღნიშნა, დაზუსტებული მონაცემები ასოციაციას ჯერ არ აქვს, თუმცა ტექინსპექტირების მონაცემები 2019 წლის ნიშნულთან ახლოს უნდა იყოს.

„ტექინსპექტირების გავლის პიკური პერიოდი 2019 წელი იყო, როდესაც სრულმასშტაბიანად ტექინსპექტირების რეფორმა ამოქმედდა. ამ პერიოდში ინსპექტირება 788 000 სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა, პანდემიურ 2020 წელს 550 000 სატრანსპორტო საშუალებაზე იყო საუბარი, 2021 წელს კი ტექინსპექტირება 750 000 სატრანსპორტო საშუალებამ გაიარა. 2022 წლის მონაცემები ჯერ სრულად არ გვაქვს, თუმცა იგივე ნიშნულზე გავდივართ, რაც 2019 წელს გვქონდა - 790 000 სატრანსპორტო საშუალება. თუ შსს-ს მონაცემებს დავეყრდნობით (სულ ქვეყანაში 1.5 მლნ სატრანსპორტო საშუალებაა რეგისტრირებული), ეს რეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებების ნახევარია.

პირველადი ინსპექტირების დროს ავტომობილების დაახლოებით 30% ხარვეზდებოდა, საბოლოო ჯამში პირველად ინსპექტირებაზე 250 000 ავტომობილი დახარვეზდა“, - განაცხადა იორდანიშვილმა.

„საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარის თქმით, 2023 წლის პირველი თებერვლიდან ავტომობილების განმეორებითი ტექინსპექტირება ფასიანი ხდება, რაც დახარვეზების მაჩვენებელს შეამცირებს.

„ვფიქრობთ, დახარვეზების მაჩვენებელი დაიკლებს, რადგან პირველად ინსპექტირებისას მძღოლები ისეთ ელემენტარულ პარამეტრებზე დახარვეზებას, როგორიცაა მაშუქი მოწყობილობები და სხვა დარღვევები უფრო დიდი გულისყურით მოეკიდებიან“, - განაცხადა იორდანიშვილმა და დასძინა, რომ ინსპექტირებაზე ყველა არ ცხადდება. „ფაქტი, რომ ტექინსპექტირება სატრანსპორტო საშუალებების მხოლოდ ნახევარს აქვს გავლილი, იმაზე მიუთითებს, რომ მძღოლებს 50-ლარიანი ჯარიმის გადახდა ურჩევნიათ, ვიდრე ავტომობილი გამართონ და გამართული ავტომობილით იარონ“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები