მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2022 წლიდან „ალფა პეტი“ 10 მლნ ლარის ინვესტიციით წარმოების გაფართოებას გეგმავს

61b33cef66086
ვიქტორია მღებრიშვილი
11.12.21 00:15
1578
პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი „ალფა პეტი“ 2022 წლიდან წარმოების გაზრდას გეგმავს.

BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის დირექტორი ნანა ავალიანი ამბობს, რომ გაფართოების პროექტით 10 მლნ ლარის ინვესტირებით როგორც საწარმოო სიმძლავრეები, ასევე დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

„დღემდე კომპანიის ამოქმედება-განვითარებისთვის, ჯამურად დაახლოებით 35 მლნ ლარის ინვესტიციაა განხორციელებული. მომავალ 2022 წელს კი 10 მლნ ლარის ინვესტირებით საწარმოო სიმძლავრეების გაზრდას ვგეგმავთ. დასაქმებულთა რაოდენობაც დაახლოებით 25%-30% -ით გაიზრდება. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია 60 ადამიანი. უნდა აღვნიშნოთ, რომ წარმოების განვითარების ამ ეტაპზეც „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვსარგებლობთ. მანქანა-დანადგარები სრულად გაზაფხულისთვის აეწყობა და ახალ სეზონს ახალი სიმძლავრეებით შევხვდებით“, - განმარტა ნანა ავალიანმა.

აღსანიშნია, რომ პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების წარმოების 80%-ის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზე ხდება. ექსპორტზე კი 20% გადის, თუმცა სიმძლავრეების გაზრდის შემდეგ „ალფა პეტი“ ადგილობრივი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემდეგ საექსპორტო ბაზრების გაფართოებას გეგმავს.



„დღეისთვის ყველა ტიპის ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელთან ვთანამშრომლობთ. შედეგად პლასტიკური ბოთლების ნახევარფაბრიკატების იმპორტი მაქსიმალურად შემცირდა. გარდა ამისა პროდუქტი ექსპორტზე სომხეთში გაგვაქვს და წარმოების გაზრდის შემდეგ სხვა ბაზრებზეც შევალთ. მაგალითისთვის ახლა ყაზახეთში ტენდერში ვიღებთ მონაწილეობას და დიდი იმედი გვაქვს რომ მოვიგებთ. ბოლო წლებში იმდენად დიდია ჩვენს პროდუქტზე მოთხოვნა, რომ სულ ადგილობრივ ბაზარზე რომ ვიმუშაოთ მოთხოვნას მაინც ვერ დავაკმაყოფილებთ, შესაბამისად ზაფხულში დავიწყეთ ზრუნვა რომ სიმძლავრეები გაგვეზარდა და ადგილობრივი თუ უცხოელი პარტნიორებისთვის საჭირო რაოდენობის პროდუქტი მიგვეწოდებინა. საწყისი ეტაპისთვის რამდენიმე ქვეყანაში შესვლა ჩვენ მომდევნო წლებში წარმოების კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობა მოგვეცემა“, - განმარტა ნანა ავალიანმა.

მისივე ინფორმაციით, პანდემიის მიუხედავად, კომპანიის გაყიდვები 25%-ით გაიზარდა. მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მისაქციელში მოქმედი საწარმო დღეისთვის 400 მლნ პეტის ბოთლების ნახევარფაბრიკატს და 30 მლნ-მდე რძის პროდუქტების შესანახ კონტეინერს აწარმოებს და 60 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები