ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, 2022 წლიდან ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე ახალ პროგრამას დაიწყებს, მათ შორისაა ღვიძლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციების თანადაფინანსების პროგრამა. ასევე იწყება სპინალური ატროფიის მქონე ბავშვთა დახმარებისა და დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა.
მთლიანობაში, 2022 წელს ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 6.09 მილიარდი ლარი იქნება, რაც ბიუჯეტის პირველად ვერსიასთან შედარებით 75 მილიონით მეტია.
„მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და 18 წლამდე შშმ ბავშვთა ყოველთვიური სოციალური გასაცემელი იზრდება 25 ლარით, საომარ მოქმედებებში მონაწილე ვეტერანთა მონეტიზაციის ყოველთვიური სოციალური გასაცემელი 22 ლარიდან იზრდება 100 ლარამდე, გათვალისწინებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადებისა და სოფლის ექიმების/ექთნების ანაზღაურების 10%-იანი ზრდა, ასევე გათვალისწინებულია სახსრები მუნიციპალიტეტებში არსებული სასწრაფოს ბრიგადების ხელფასების თბილისში არსებულ ხელფასებთან ეტაპობრივი გათანაბრებისთვის.
მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია ჯანდაცვის ახალი პროგრამების დაფინანსება, მათ შორის, სპინალური ატროფიის მქონე ბავშვთა დახმარების, დიაბეტის მქონე ბავშვებისთვის მუდმივი მონიტორინგის თანამედროვე აპარატების შესყიდვა, ასევე, გათვალისწინებულია ღვიძლის და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაციების თანადაფინანსება. გაზრდილია რეფერალური მომსახურებისა და ბავშვთა ზრუნვის პროგრამების დაფინანსება, ასევე სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების ანაზღაურება“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.




























