2023 წლის ბიუჯეტში კორექტირებები შედის. მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური აქტივობის გამო, ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 500 მილიონი ლარით გაიზრდება და ის 19.4 მილიარდ ლარს მიაღწევს. შესაბამისად იზრდება ბიუჯეტის ხარჯებიც. ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველაზე მეტად, 250 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება და ის 7 მილიარდ ლარს მიაღწევს.
სამინისტროების მიხედვით, დაფინანსებების ზრდა ასეთია:
ჯანდაცვის სამინისტრო - ზრდა 250 მლნ ლარი, მთლიანი დაფინანსება 7.05 მილიარდი ლარი:
250,0 მლნ ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება, საიდანაც 120,0 მლნ დამატებით გამოყოფილია ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, გათვალისწინებულია ონკოლოგიური პაციენტი ბავშვების მკურნალობის საზღვარგარეთ დაფინანსების ხარჯებიც;
განათლების და მეცნიერების სამინისტრო - ზრდა 47 მლნ ლარი, მთლიანი დაფინანსება 2.07 მილიარდი ლარი:
47 მილიონით იზრდება განათლების სამინისტროს ბიუჯეტი, დამატებითი თანხები მიიმართება განათლების მიმართულებით. 34,8 მლნ ლარით იზრდება საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება;
ინფრასტრუქტურის სამინისტრო - ზრდა 20 მლნ ლარი, მთლიანი დაფინანსება 3.35 მილიარდი ლარი:
20 მილიონით იზრდება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი, რეგიონებში, მათ შორის, რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სტიქიით დაზარალებულთა სხვადასხვა კომპენსაციების დასაფინანსებლად; აღნიშნული თანხები გათვალისწინებულია, როგორც ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებებში, ისე მთავრობის სარეზერვო ფონდსა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებებში.
ეკონომიკის სამინისტრო - ზრდა 23 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 580 მილიონი ლარი:
ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 23 მილიონი ლარით, აქედან 20,0 მლნ ლარია გათვალისწინებული ანაკლიის პორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობის დაწყებისთვის;
შინაგან საქმეთა სამინისტრო - ზრდა 40 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 1.15 მილიარდი ლარი:
შსს-ს ბიუჯეტი იზრდება 40 მილიონი ლარით, რაც საჭიროა სისტემებისა და ინფრასტრუქტურის განახლებისთვის.
თავდაცვის სამინისტრო - ზრდა 10 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 1.27 მილიარდი ლარი:
თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი იზრდება 10 მილიონი ლარით, რაც წლის ბოლომდე მიმდინარე შესყიდვების სრულად დასაფინანსებლად არის აუცილებელი.
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრო - ზრდა 34 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 465 მილიონი ლარი:
კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის დაფინანსება იზრდება 34 მილიონი ლარით, საიდანაც ყველაზე დიდი ნაწილი 27 მილიონი ლარი დაიხარჯება სპორტსმენების მიღწევების საპრიზო ანაზღაურებებზე.
მთავრობის სარეზერვო ფონდი - ზრდა 40 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 100 მილიონი ლარი:
ამასთანავე, მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა იზრდება 40 მილიონი ლარით, რისი მიზეზიც არის ძალიან ბევრი სტიქია, რომელიც წლევანდელ წელს იყო და საჭიროა დამატებითი თანხების მიმართვა.
მუნიციპალიტეტებისადმი გადასაცემი ტრანსფერი - ზრდა 100 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 602 მილიონი ლარი:
მუნიციპალიტეტებისთვის გადასაცემი დაფინანსების ზრდა არის 100 მილიონი ლარი, რითაც მათი ინფრასტრუქტურული პროექტები დაფინანსდება.
საგარეო ვალების მომსახურება - მცირდება 100 მილიონი ლარით, მთლიანი დაფინანსება 1.6 მილიარდი ლარი:
საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 100 მილიონი ლარით, ეს მათ შორის გამოწვეულია ლარის კურსის გამყარებითაც.
ცესკო - ზრდა 21 მილიონი ლარი, მთლიანი დაფინანსება 77 მილიონი ლარი:
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება იზრდება 21,2 მლნ ლარის ოდენობით, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივი დაფინანსებისათვის.