მომავალი წლიდან პენსიების მოცულობა იზრდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
„მომავალ წელს იზრდება პენსიის მოცულობა. 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე ასაკის მოქალაქეების პენსია განისაზღვრება 260 ლარით, ხოლო 70 წელს გადაცილებული პენსიონერებისთვის 300 ლარის ოდენობით.
მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის 360 ლარი იქნება პენსია. ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური, 22-ლარიანი და 44 ლარიანი დახმარებები იზრდება 100 ლარამდე“, - განაცხადა პრემიერმა.
აღსანიშნავია, რომ პენსიების ზრდას "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტმა 2020 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცა.
ცვლილებების თანახმად, ქვეყანაში პენსია ეკონომიკურ პარამეტრებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად უნდა გაიზარდოს.
პენსიის ზრდის მეთოდი შემდეგნაირია: 70 წლამდე ასაკის პენსიონერებისათვის პენსია ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარის ოდენობით გაიზრდება; ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერებისთვის - ბოლო 12 თვის ინფლაციის საშუალო მაჩვენებლისა და ბოლო 6 კვარტალში მშპ-ის რეალური ზრდის მაჩვენებლების საშუალო არითმეტიკულის 80%-ის ჯამით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარის ოდენობით გაიზრდება.