მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023-2024 წლის ზამთრის სეზონზე გუდაურში ვიზიტორებს ორი ახალი საბაგირო მოემსახურება - სამინისტრო

გუდაური
BM. GE
20.10.23 12:23
103

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „ ემ თი ეი“ 2023-2024 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე გუდაურში (ახალ გუდაურში), დამსვენებლებს ორ ახალ საბაგირო კომპლექსს დაახვედრებს. ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს.

საქმე ის არის, რომ გუდაურში ორი ახალი საბაგიროს მშენებლობაზე ავსტრიული კომპანია Doppelmayr-თან გაფორმებული კონტრაქტების შესახებ BM.GE ოქტომბრის დასაწყისში წერდა. პროექტი კურორტის ტურისტული მიმზიდველობის გასაზრდელად ხორციელდება და მის შედეგად, სათხილამურო ტრასების გამტარიანობა საათში 1,800 მოთხილამურით გაიზრდება. დამკვეთი ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კომპანია MTA-ია, რომელმაც Doppelmayr-თან ხელშეკრულება გამარტივებული წესით გააფორმა.

პირველი საბაგიროს მშენებლობა 33,951,900 ლარი დაჯდება, ხოლო მეორეს ღირებულება 32,481,300 ლარია. შესყიდვების სააგენტოს მონაცემებით, ორივე კონტრაქტში 10-10 მილიონი კომპანიას ავანსად სექტემბერში ჩაერიცხა, შემდეგ კი დამატებით 2-2 მილიონი ლარი გადაირიცხა.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, საბაგიროები იქნება 6 ადგილიანი, ღია სავარძლის ტიპის ე.წ „ბაბლი“, 1249 და 1369 მეტრის სიგრძის, თითო საბაგიროს გამტარუნარიანობა - 1800-2400 ადამიანი საათში.

სამშენებლო სამუშაოებს ავსტრიულ შვეიცარიული კომპანია, „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფი“ ახორციელებს.

„ვიზიტორთა მზარდი ოდენობისა და საერთაშორისო ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით, ახალ გუდაურში, სავარძლის ტიპის 2 (ორი) ახალი საბაგირო გზისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა გაამრავალფეროვნებს კურორტის სერვისებს, რომელიც ხელს შეუწყობს კურორტის სწრაფ განვითარებასა და არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას. საბაგიროების არეალები განსაზღვრულია გენერალური გეგმის მიხედვით, რომელიც კანადური კომპანია „ეკოზაინის“ მიერ არის შემუშავებული. რაც შეეხება სასრიალო არეალს, არსებული 70 კმ ტრასას დაემატება 6 კილომეტრი, რაც ვიზიტორებისთვის შექმნის სრულიად ახალ სასრიალო სივრცეს“, - განაცხადა „მთის ტრასების სააგენტოს“ დირექტორმა ირაკლი ბურჭულაძემ.

სპორტული ტურიზმის განვითარება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარი პრიორიტეტია. პირველად, გუდაურში ჩატარდება საერთაშორისო დონის მსოფლიო თასის ეტაპი სნოუბორდ ქროსში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები