მწვანილისა და ბოსტნეულის დაფასოებული სახით მწარმოებელი კომპანია „ჰერბია“ 2023 წელს აჯამებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი ზურაბ ჯანელიძე bm.ge-სთან აღნიშნავს, გასული წელი „ჰერბიასთვის“ იმაზე წარმატებული აღმოჩნდა, ვიდრე კომპანიაში მოლოდინი ჰქონდათ.
„ჰერბიას“ დამფუძნებლის ინფორმაციით, გასული წელი მნიშვნელოვანი ზრდით დაასრულეს. ეს ეხებოდა, როგორც გაყიდვებს, ასევე წარმოების მიმართულებას.
როგორც ზურაბ ჯანელიძე განმარტავს, კომპანია სრულ საწარმოო ჯაჭვს აერთიანებს, მისი სიმძლავრე კი წელიწადში სტაბილურად 2000-2200 ტონამდე მწვანილის რეალიზაციას უმკლავდება.
„ძალიან კარგი წელი იყო, რადგან 2023-მა ჩვენს მოლოდინებს გადააჭარბა. ჩვენ ბოლო 5 წელია, პანდემიის პერიოდამდე ვამბობდით, რომ კომპანია გაყიდვებს გააორმაგებდა, ეს ასეც იყო 2 წლის მანძილზე, შემდეგი წელი კი 20-25%-იანი ზრდით უნდა დაგვესრულებინა. არც გასული წელი იყო გამონაკლისი. 32%-მდე იყო ზრდა, ეს არ ეხება მხოლოდ გაყიდვებს, ასევე პირველად წარმოებას.
რაც შეეხება წარმადობას, დაახლოებით 2000-2200 ტონა პროდუქტის რეალიზაციას გულისხმობს. ეს ამ მიმართულების პროდუქტის საექსპორტო მოცულობის თითქმის 40%-ია“, - ამბობს ზურაბ ჯანელიძე.
აღსანიშნავია, რომ „ჰერბიას“ მეურნეობა იმერეთში, წყალტუბოში მდებარეობს.