მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ადგილობრივი საქონლის ექსპორტი $900 მლნ-ით შემცირდა

საქსტატი

2023 წელს ადგილობრივი საქონლის ექსპორტი 912 მილიონი დოლარით შემცირდა.

საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი მონაცემებით, $6. 090 მილიარდიან ექსპორტში ადგილობრივი ექსპორტს 45.8%-იანი წილი უკავია და აღნიშნული მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 24.4%-ით, 2 მილიარდ 791 მილიონ დოლარამდე შემცირდა.

წლის განმავლობაში ადგილობრივმა ექსპორტმა შემცირება თებერვლიდან დაიწყო და ყოველთვიურად უარყოფით ტენდენციას აჩვენებდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ქვეყანაში ნაწარმოები უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფების ჩამონათვალში 4 პროდუქტზე წლიურად რეალიზების კლება ფიქსირდება.

2023 წელს ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე სპილენძის მადნები და კონცენტრატები, მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, მესამეზე კი ადგილს ფეროშენადნობები იკავებს.

  1. სპილენძის მადნები და კონცენტრატები - $474 მლნ, კლება - 53.7%;
  2. ყურძნის ნატურალური ღვინოები - $257.7 მლნ, ზრდა - 2.4%;
  3. ფეროშენადნობები - $180.6 მლნ, კლება - 60.1%;
  4. აზოტოვანი სასუქები - $158.4 მლნ, კლება - 43.7%;
  5. მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $131.4 მლნ, ზრდა - 18%;
  6. წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $108 მლნ, ზრდა - 31.4%;
  7. სპირტიანი სასმელები - $104.6 მლნ, ზრდა - 11.1%;
  8. ელექტროენერგია - $95.4 მლნ, ზრდა - 13.2%;
  9. ოქრო დაუმუშავებელი ან ნახევრადდამუშავებული, ან ფხვნილის სახით - $88.7 მლნ, ზრდა - 8.9%;
  10. თხილი და სხვა კაკალი - $85.7 მლნ, კლება - 13.4%.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების ჭრილში კი ადგილობრივი საქონლის გაყიდვები 8 ქვეყანაში შემცირდა. 2023 წელს ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 73.1% შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესია საექსპორტო პარტნიორები რუსეთი, თურქეთი და ჩინეთი არიან.

  1. რუსეთი - $541.7 მლნ, ზრდა - 2.8%;
  2. თურქეთი - $343 მლნ, კლება - 12.7%;
  3. ჩინეთი - $270 მლნ, კლება - 61.1%;
  4. ბულგარეთი - $248 მლნ, კლება - 40.9%;
  5. სომხეთი - $156.3 მლნ, კლება - 14.2%;
  6. აზერბაიჯანი - $ 151.9 მლნ, კლება - 1.3%;
  7. აშშ - $91.6 მლნ, კლება - 64.1%;
  8. შვეიცარია - $88.7 მლნ, კლება - 0.9%;
  9. ესპანეთი - $74 მლნ, ზრდა - 53.8%;
  10. უკრაინა - $73.3 მლნ, კლება - 16.1%;

დანარჩენი ქვეყნების მიმართულებით ადგილობრივი ექსპორტი 10.7%-ით შემცირდა და 751 მლნ დოლარი შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები