2023 წელს ოკუპირებულ აფხაზეთს 1 მილიონზე მეტი უცხოელი ეწვია. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ტურიზმის სამინისტრო წერს, აქედან აფხაზეთში ექსკურსიით 936 591 ადამიანი იმყოფებოდა, განსახლების ადგილებზე კი 300 ათასი პირი ისვენებდა.
"ტურიზმის სექტორში გადასახადების გადახდის მოცულობამ 742 მილიონ 862 ათასი რუბლი [$8 მლნ.) შეადგინა, საექსკურსიო საქმიანობით დაკავებულმა ორგანიზაციებმა და ინდმეწარმეებმა 33,8 მილიონი რუბლი გადაიხადეს. 2023 წელს გამოვლინდა გადასახადების აკრეფისა და განსახლების ობიექტების ანგარიშგების ზრდა", - აღნიშნავს ე.წ. სამინისტრო.
ამასთან, როგორც ე.წ. ტურიზმის სამინისტროში აცხადებენ, გასულ წელს რიწის ეროვნულ პარკს 572 737, ხოლო ახალი ათონის მღვიმეს 385 000 ათასი ადამიანი ეწვია.
ამასთან, "რია ნოვოსტი" წერს, რომ აფხაზეთი რუსი ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მიმართულებაა. პროპაგანდისტული სააგენტოს ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქეებმა ზაფხულის სეზონისთვის ბილეთების შეძენა უკვე დაიწყეს.
"რუსეთის მოქალაქეებისთვის სამოგზაუროდ თურქეთი პირველ ადგილს იკავებს, განაცხადების 42%-ის წილით, მეორე ადგილზეა რუსეთი - 38%, აფხაზეთი მესამე ადგილს იკავებს - 15,5% -ით", - აღნიშნავს გამოცემა.