BAG ინდექსი - ინვესტიციების კვლევის მიხედვით, გასულ 2023 წელს გამოკითხული საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების 60% ინვესტიციები გაზარდა.
ინვესტიციების კვლევის ფარგლებში, რომელსაც PMC კვლევითი ცენტრი მონაცემებს ინვესტიციების ტენდენციების შესახებ აგროვებს, წელიწადში ორჯერ ტარდება.
აღნიშნული კვლევისთვის გამოკითხული კომპანიები იყოფა ოთხ სექტორად (როგორც, BAG ბიზნეს კლიმატის შემთხვევაში): ვაჭრობა, მომსახურება, მრეწველობა და მშენებლობა. 2024 წლის მესამე კვარტალში ჩატარებულ მოკვლევამ შეაჯამა BAG-ის წევრებისა და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიების მიერ 2023 წელს განხორციელებული ინვესტიციები და მათი გეგმები 2024 წლისთვის.
„მთლიანობაში, გამოკითხული კომპანიების 60%–მა განაცხადა, რომ 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა გაიზარდა. ამასთან, გამოკითხული კომპანიების 34%-მა განაცხადა, რომ აღნიშნულ პერიოდში მათ მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიციების მოცულობა უცვლელი დარჩა, ხოლო დანარჩენი 6%-ისთვის შემცირდა“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ინვესტიციების კვლევაში ეკონომიკის დარგების მიხედვით, გასულ წელს ინვესტიციები ყველაზე მეტად ვაჭრობის და მომსახურების სექტორში გაიზარდა.
„ვაჭრობის სექტორში კომპანიათა 64%-ის განცხადებით, 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციები გაიზარდა. მომსახურების სექტორში მოცემულ პერიოდში ჯამური ინვესტიციების ზრდა კომპანიათა 63%-მა დააფიქსირა, მრეწველობის სექტორში 58%-მა, ხოლო მშენებლობის სექტორში 57%-მა“, - აღნიშნული კვლევაში.
აღსანიშნია, რომ 2023 წელს, კომპანიების უმეტესობამ გაზარდა ინვესტიციები მანქანა დანადგარებსა და აღჭურვილობაში (56%). ინვესტიციების ზრდა შედარებით ნაკლებად პროგრამული უზრუნველყოფის/მონაცემთა ბაზებსა (54%) და შენობა-ნაგებობებში (48%) განხორციელდა. სექტორების მიხედვით, სამივე მიმართულებით, პროცენტულად ყველაზე მნიშვნელოვანი ზრდა მშენებლობის სექტორში დაფიქსირდა, კერძოდ, 73% მანქანა-დანადგარებში, 67% პროგრამულ უზრუნველყოფაში/მონაცემთა ბაზებში, ხოლო 58% შენობა-ნაგებობებში.
რაც შეეხება ინვესტიციების შემცირებას, მრეწველობის სექტორში კომპანიების 17%-მა 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, ჯამური ინვესტიციების შემცირება დააფიქსირა. მშენებლობის სექტორში ჯამური ინვესტიციების კლება 7%-მა დააფიქსირა, ხოლო მომსახურებისა და ვაჭრობის სექტორში 3%-მა.




























