მეღვინეობა “Sunwine”-ის დამფუძნებელი, ზურაბ მზექალაშვილი, კომპანიის 2023 წლის შედეგებს აჯამებს და აღნიშნავს, რომ წელს ევროპასა და ამერიკაში გაყიდვების მაჩვენებელი გაიზარდა.
“ძალიან კარგი წელი იყო “სანვაინისთვის”, ექსპორტზე გაყიდვებში 30%-იანი ზრდა გვქონდა. ზოგადად, ჩვენი კომპანიისთვის ექსპორტი ყოველწლიურად იზრდება, თუმცა წელს განსაკუთრებული ნახტომი გვქონდა”, - ამბობს ზურა მზექალაშვილი.
“სანვაინი” 2015 წელს კახეთში დაფუძნებული მეღვინეობაა, რომელიც როგორც ფართო ბაზარზე გათვლილ, ისე პრემიუმ ხარისხის ქვევრისა და კასრის ღვინოებს აწარმოებს. კომპანიის წარმადობის დიდი ნაწილი ექსპორტზე ევროპის ქვეყნებსა და აშშ-ში გადის, მცირე ნაწილი კი ადგილობრივ ბაზარზე იყიდება.
გარდა ამისა, კომპანიამ რამდენიმე წლის წინ აშშ-ში საკუთარი ღვინის ბარიც გახსნა, სადაც კომპანიის 30-მდე დასახელების ღვინო იყიდება.
“ქვევრის ღვინო შედარებით უცხოა ამერიკელებისთვის, თუმცა მათგან ინტერესი მაღალია, რადგან გაუგიათ, რომ განსხვავებულია და იუნესკოს მიერაა აღიარებული. თუმცა ვინაიდან მიჩვეულები არ არიან ამ გემოს, მათთვის ერთჯერადი დაგემოვნებისთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ხშირი მოხმარებისათვის”, - განმარტავს “სანვაინის” დამფუძნებელი და აღნიშნავს, რომ გარდა ღვინის ბარისა, კომპანიის პროდუქცია აშშ-ის სხვადასხვა მაღაზიებშიც ნაწილდება.
„სანვაინი“ აწარმოებს ისეთ ქართულ ღვინოებს, როგორიცაა: რქაწითელი, წინანდალი, ალაზნისველი (თეთრი, წითელი), საფერავი, ქინძმარაული, ფიროსმანი, მუკუზანი, მწვანე, როზე და სხვა. ასევე, ტრადიციული მეთოდით დაყენებულ ქვევრის ღვინოს (რქაწითელი, ქისი, ხიხვი, მწვანე, საფერავი) და ჭაჭას.
ადგილობრივი ბაზრისათვის “სანვაინი” ინდუსტრიულ ღვინოს ყიდის, რომლის შეძენაც ღვინის მაღაზიებსა და ქსელურ მარკეტებშია შესაძლებელი, საორიენტაციო ფასი კი, საშუალოდ, 20-25 ლარია.
მეღვინეობა “სანვაინი” წლიურად 200 000-მდე ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რაც კომპანიის მარნისთვის 60%-მდე დატვირთვაა.