2023 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 18.4%-ით გაიზარდა და 1 722 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 20.5%-ით გაიზარდა და 521 ლარს გაუტოლდა.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ ცხოვრების დონის მაჩვენებლების შინამეურნეობების შემოსავლებისა და ხარჯების 2023 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყარო ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები იყო, რომლის წილიც 2023 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 87.7% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 92%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 79.7%-ს შეადგენდა.
დასახლების ტიპის მიხედვით, ქალაქში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ ოჯახზე 24.9%-ით 1 756 ლარამდე გაიზარდა, ხოლო სოფლად - 8.4%-ით 1 664 ლარამდე.
სტატისტიკის მიხედვით, ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.8 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 48% შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 11.8% შეადგინა.
პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 21.8% შეადგინა. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
რაც შეეხება შინამეურნეობების ხარჯებს, გასულ წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები ერთ ოჯახზე , წინა წელთან შედარებით, 16.7%-ით გაიზარდა და 1 649 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური ხარჯები ერთ სულზე 18.7%-ით გაიზარდა და 499 ლარს გაუტოლდა.