2023 წელს ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა ბინადრობის ნებართვა საქართველოს 33 898 მოქალაქეზე გასცეს - ამის შესახებ Eurostat-ის მონაცემთა ბაზაში ვკითხულობთ.
სტატისტიკის თანახმად, ყველაზე მეტი, 19 411 ნებართვა "სამუშაო" კატეგორიაში გაიცა. "ჰუმანიტარული და სხვა" მიზნით ბინადრობის უფლება საქართველოს 8 371-მა მოქალაქემ მიიღო, ოჯახური მიზნით - 4 050-მა, ხოლო საგანმანათლებლო მიზნით ყველაზე ცოტა, საქართველოს 2 066-მა მოქალაქემ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოქალაქეებზე 2023 წელს გაცემული ბინადრობის ნებართვების რაოდენობა 4 144-ით ჩამორჩება 2022 წლის რეკორდულ მაჩვენებელს - 38 042 ნებართვას. (ევროკავშირი სტატისტიკურ მონაცემებს 2013 წლიდან აგროვებს, სწორედ 2013-23 წლებში იყო 2022 წელი რეკორდული)
Statista-ს თანახმად, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებზე გაცემული ნებართვების სტატისტიკა ასე გამოიყურება:
წელი/მიზანი | 2019 | 2020 | 2021 | 2022 | 2023 |
სულ | 23 504 | 14 560 | 22 915 | 38 042 | 33 898 |
სამუშაო | 12 388 | 6 644 | 13 969 | 25 228 | 19 411 |
საოჯახო | 2 864 | 2 190 | 2 868 | 3 405 | 4 050 |
საგანმანათლებლო | 1 408 | 754 | 1 599 | 1 749 | 2 066 |
სხვა | 6 884 | 4 972 | 4 479 | 7 660 | 8 371 |
ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემთა ბაზაში ასახულია, რომ გასულ წელს საქართველოს მოქალაქეებზე ყველაზე მეტი, 12 403 ბინადრობის ნებართვა პოლონეთმა გასცა. მეორე ადგილზეა იტალია - 6 205 ნებართვით, შემდეგ გერმანია - 3 273, სლოვაკეთი - 2 951 და ესპანეთი - 1 951 ნებართვით.