სანელებლების, მწნილების, მურაბებისა და სოუსების მწარმოებელი ქართული კომპანია „ოჯახურის“ პროდუქცია ექსპორტზე 15-მდე ქვეყანაში გადის და საექსპორტო ქვეყნების რიცხვი ყოველ წელს ფართოვდება. ამის შესახებ „ქალების ნარატივში“ “ოჯახურის” მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, სალომე ნეფარიძემ ისაუბრა.
„კომპანიის 14-წლიანი ოპერირების მანძილზე არ ყოფილა წელი, როცა „ოჯახურს“ ახალი საექსპორტო ქვეყანა რომ არ დაემატებინა. შარშან ჩვენი პროდუქცია ამერიკაში გავიტანეთ ექსპორტზე, წელს კი საფრანგეთის მოსახლეობას ექნება საშუალება „ოჯახურის“ მრავალფეროვანი პროდუქცია ადგილზე დააგემოვნოს. საერთო ჯამში 15-მდე ქვეყანაში გავდივართ ექსპორტზე და შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელს ევროპაში გაყიდვები 50%-ით გავზარდეთ“, - აღნიშნა სალომე ნეფარიძემ.
მისივე თქმით, „ოჯახურის“ ჯამურ ექსპორტში 30% უკრაინას ეკავა, თუმცა ამ ეტაპზე პროდუქციის ამ ქვეყანაში გატანა შეჩერებულია, რაც რუსეთ-უკრაინის ომით არის გამოწვეული.
კომპანია „ოჯახურის“ სუნელ-სანელებლების საწარმო 14 წელია ბაზარზეა და ამჟამად 90-მდე დასახელების სუნელს აწარმოებს. გარდა ამისა, კომპანია აქტიურად აწარმოებს მარინადებს, სოუსებსა და ჯემებს, რომლის რეალიზაციასაც ახდენს როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე. „ოჯახურის“ პროდუქციის ფასები 2 ლარიდან იწყება და 6 ლარამდე მერყეობს.