რძის არასაკმარისი რაოდენობა, რძის პროდუქტების მწარმოებელ კომპანიისთვის „არია“ საერთაშორისო ბაზარზე გასვლის ერთ-ერთი მთავარი შემაფერხებელი ფაქტორია. კომპანიის წარმოების დირექტორის, ანა გამგებელი BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, რომ უახლოეს წლებში კომპანია ექსპორტზე გასვლას არ გეგმავს, რადგან არსებული საწარმოო მოცულობა ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
„არა გვაქვს ჩვენ იმდენი რძე საქართველოში, რომ ყოველ შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლოს ჩვენი პროდუქტის გატანა. ჩვენ ძალიან მცირე რაოდენობაზე ვმუშაობთ“, - აცხადებს ანა გამგებელი.
კომპანია ნედლ რძეს როგორც საკუთარ მეურნეობაში აწარმოებს, ისე ადგილობრივი ფერმერებისგან იბარებს. მისი თქმით, „არიას“ რამდენიმე წელი დასჭირდა რძის ხარისხისა და მიწოდების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. კომპანია ამ ეტაპზე მომწოდებელ ფერმერებს თავად ამოწმებს და კონტროლს როგორც რძის ხარისხზე, ისე საწველი ხაზის, მაცივრებისა და პირუტყვის სადგომების პირობებზე ახორციელებს.
საწარმოო მასშტაბების ზრდისთვის კომპანია საკუთარი ფერმის გაფართოებასაც განიხილავს. როგორც ანა გამგებელი ეთერში ამბობს, „არიას“ ბიზნესმოდელი წარმოების ყველა ეტაპის საკუთარ კონტროლში მოქცევას ითვალისწინებს - მიწისა და საკვების წარმოებიდან პირუტყვის მოშენებასა და პროდუქციის დამზადებამდე. ამ ჯაჭვში კომპანიისთვის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საკუთარი დიდი ფერმის შექმნაა.
“გვინდა, რომ ეს ჯაჭვი ბოლომდე ჩვენ გვქონდეს - მიწიდან და საკვების წარმოებიდან დაწყებული, პირუტყვის მოშენებით გაგრძელებული და საბოლოოდ უკვე ჩვენი პროდუქტის წარმოებით დასრულებული. ამიტომ საკუთარი დიდი ფერმის შექმნა ჩვენთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“, - აღნიშნავს კომპანიის წარმოების დირექტორი.
ექსპორტის შესაძლებლობას პროდუქციის სპეციფიკაც ზღუდავს. კომპანიის წარმოების დირექტორის ინფორმაციით, „არია“ არ იყენებს კონსერვანტებსა და დანამატებს, პროდუქცია კი მოკლე ვადით გამოირჩევა, რაც საერთაშორისო ბაზრებზე მის გატანას დამატებით სირთულეებს უქმნის.
“არია” ქართული ბრენდია. საწარმო და თხის ფერმა სამეგრელოში, სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, 60 ჰექტარ მიწის ფართობზეა განლაგებული, თანამედროვე დანადგარებით არის აღჭურვილი და საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით ფუნქციონირებს. ამ ეტაპზე, კომპანია ადგილობრივ ბაზარზეა კონცენტრირებული და დაახლოებით 45 სახეობის რძის პროდუქტს აწარმოებს, მათ შორის ხაჭოს, მაწონს, არაჟანს, ბურატას, სტრაჩატელასა და მოცარელას.
























