2023 წელს გერმანიამ მოქალაქეობა რეკორდული რაოდენობის ადამიანზე გასცა, რისი მთავარი მიზეზიც ქვეყანაში ათეული წლის წინ ჩასული სირიელი ლტოლვილების მიერ გერმანული პასპორტის მიღებაა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის სტატისტიკის ფედერალურ ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2023 წელს გერმანიის მოქალაქეობა 200 100 ადამიანს მიენიჭა, რაც წლიურ ჭრილში 19%-იანი ზრდაა და რეკორდულია მას შემდეგ, რაც 2000 წლიდან შესაბამისი აღრიცხვა დაიწყო.
გასულ წელს ნატურალიზირებულ მოქალაქეებს შორის 38% სირიიდანაა (75 485), რასაც თურქეთი (10 735), ერაყი (10 710), რუმინეთი (7 575) და ავღანეთი (6 520) მოსდევს.
“ნატურალიზაციის გაზრდილი მაჩვენებელი დაკავშირებულია იმ სირიელების გაზრდილ რაოდენობასთან, რომლებიც გერმანიაში თავშესაფრის საძებნელად 2014-2016 წლებში ჩამოვიდნენ და უკვე აკმაყოფილებენ მოქალაქეობისთვის საჭირო მოთხოვნებს, როგორებიცაა ენის ცოდნა და რეზიდენტობის მინიმალური დრო. გარდა ამისა, დევნილთა მეუღლეები და არასრულწლოვანი შვილები ამ მინიმალური მოთხოვნების გარეშეც იღებენ მოქალაქეობას. ”, - განმარტავს სტატისტიკის ოფისი.
მათი საშუალო ასაკი, ვინც გასულ წელს გერმანიის პასპორტი მიიღეს, 29.3 წელი იყო. გერმანიაში მოსახლეობის საშუალო ასაკი კი 44.6 წელია. ეკონომისტები ფიქრობენ, რომ სამუშაო ბაზარზე ახალგაზრდა მიგრანტების ინტეგრაცია ევროპის უმსხვილეს ეკონომიკას ხელს შეუწყობს.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს უკრაინელი დევნილებისთვის გერმანიის მოქალაქეობის მინიჭების მაჩვენებელი 6%-ით 5 900-მდე გაიზარდა, მაშინ, როცა 2021 წლიდან 2022 წლამდე მათი რაოდენობა თითქმის გასამმაგდა - 1 900-დან 5 600-მდე. უკრაინელთა წილი 2023 წლის ნატურალიზაციაში 3% იყო.
ოფიციალურ სტატისტიკაზე დაყრდნობით, ჯამში, გერმანიის მოქალაქეობა ევროპის კონტინენტიდან 58 165-მა ადამიანმა მიიღო, აზიიდან 117 145-მა, აფრიკიდან - 13 235-მა, ამერიკიდან - 6 305-მა, ავსტრალიიდან კი - 100-მა.
რაც შეეხება საქართველოს, ის ოფიციალურ სტატისტიკაში, ქვეყნების ჩამონათვალში არ ხვდება.