ლიონელ მესის ღირებულება ფაქტობრივად გამოთვლას არ ექვემდებარება. 38 წლის ასაკშიც კი, ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი ფეხბურთელი კვლავ რჩება პლანეტის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად სახელად, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც “ინტერ მაიამი“ ისტორიაში პირველად MLS-ის ტიტულამდე მიიყვანა.
შეერთებულ შტატებში გადასვლამდე იმ დროს, როცა “ბარსელონა“ მის შეუძლებელ დაბრუნებაზე ოცნებობდა არგენტინელი მჭიდროდ იყო დაკავშირებული საუდის არაბეთის ფეხბურთთანაც, ლიგასთან, რომელმაც უკვე შეძლო ისეთი ვარსკვლავის გადაბირება, როგორიც კრიშტიანუ რონალდუა. თუმცა, საუდი პრო ლიგის მხრიდან შეთავაზებული ასტრონომიული კონტრაქტების მიუხედავად, მესიმ სპორტული და ოჯახური ფაქტორები დააყენა ფინანსებზე წინ და ფინანსები მაიამის სასარგებლოდ უარყო.
ანმარ ალ ჰაილიმ, “ალ-იტიჰადის“ მფლობელმა, აღიარა, რომ მესის გადასაბირებლად უკიდურეს ნაბიჯებზეც მზად იყო და ახლაც მზად არის.
“თუ ლეო დათანხმდება “ალ-იტიჰადში” გადმოსვლას, შევთავაზებ კონტრაქტს, სადაც შეძლებს გამოიმუშაოს იმდენი, რამდენიც თავად მოუნდება და იმ ხანგრძლივობით, რამდენსაც თავად მოისურვებს, თუნდაც მთელი ცხოვრების განმავლობაში. მესის აქ ყოფნა, ჩვენი მაისურით, ჩემთვის ფინანსურად არაფერს ნიშნავს. მე მესის გადმობირება იმიტომ მინდა, რომ ის ფეხბურთის ისტორიაში უდიდესი ფეხბურთელია“ - თქვა მან ყოველგვარი ყოყმანის გარეშე.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ალ ჰაილი ცდილობს არგენტინელის დარწმუნებას. როდესაც მესი “პარის სენ-ჟერმენიდან“ წასვლის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდა, არაბმა მილიარდერმა უკვე დაუდო წარმოუდგენელი წინადადება.
“მე მას წელიწადში €1.4 მილიარდი შევთავაზე, მაგრამ მან უარი თქვა, რადგან მის ოჯახს შეერთებულ შტატებში ცხოვრება ერჩივნა. ამას პატივს ვცემ და “ალ-იტიჰადის” კარი მისთვის ყოველთვის ღია იქნება“ - განაცხადა ანმარ ალ ჰაილიმ.
შეგახსენებთ, რომ მესიმ “ინტერ მაიამისთან“ კონტრაქტი 23 ოქტომბერს 2028 წლამდე გაახანგრძლივა და რეალური ნიშნები იმისა, რომ ის საუდის ვარიანტს განიხილავს, არ ჩანს.




























