მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს "მტკვარი ჰესის" ზარალი $15.9 მილიონი იყო

მტკვარი ჰესი

2023 წელს "მტკვარი ჰესმა" 15.9 მილიონი დოლარის ზარალი განიცადა, ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. ჰესის მშენებლობა ჯერჯერობით დასრულებული არაა, შესაბამისად, ის შემოსავლებს არ გამოიმუშავებს. გასულ წელს კომპანიის ზარალი სწორედ ამ გარემოებით იყო განპირობებული. ანალოგიური მოცულობის $15.9-მილიონიანი ზარალი ჰქონდა ჰესის პროექტს 2022 წელსაც.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიას გააჩნია წლების განმავლობაში აკუმულირებული ზარალი 144 მილიონი დოლარის ოდენობით, ხოლო სესხები და სხვა ვალდებულებები 70.5 მილიონი დოლარია. თავად პროექტის განვითარების საინვესტიციო მოცულობა 236 მილიონ დოლარს შეადგენს.

2024 წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ თანაინვესტირების ფონდმა "მტკვარი ჰესის" პროექტი გაყიდა. ივლისში BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში ფონდი აღნიშნავდა, რომ ჰესი ქართულ კომპანია "ჰიდროენერჯიუსზე" გაყიდეს. კითხვაზე - თუ რატომ მოხდა პროექტის გასხვისება, "თანაინვესტირების ფონდი" განმარტავდა, რომ ფონდის მიზანს პროექტების განვითარება და მათი შემდგომი გასხვისება წარმოადგენს.

"როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. “მტკვარი ჰესის” პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია", - 2024 წლის ივლისში აცხადებდნენ ფონდში.

"თანაინვესტირების ფონდის" პასუხის თანახმად, "ჰიდროენერჯიუსი" უზრუნველყოფს "მტკვარი ჰესის" დასრულების სამუშაოებს:

"2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა „მტვარი ჰესის“ პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გააგრძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს.

მტკვარი ჰესის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას", - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი "მტკვარი ჰესის" პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს, პროექტის თავდაპირველი ღირებულება $100 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა გაორმაგდა და მან 236 მილიონ დოლარს მიაღწია. თავად ბიძინა ივანიშვილი პროექტის განვითარებითა და მკვეთრად გაზრდილი ხარჯებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას მიეწოდა, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის თანამდევი გამოძიების საგანს წარმოადგენდა.

რა არის ცნობილი ჰესის ახალი ინვესტორის შესახებ:

თანაინვესტირების ფონდმა "მტკვარი ჰესის" ნასყიდობის ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსმა" შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის 66%-იანი წილი ეკუთვნის სს "გრევითი ინვესთმენთს", რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილი იურისტ კობა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. 33%-იანი წილის მფლობელი კი ასევე 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია "ლატერენია", რომელიც იურისტ თინა ბარბაქაძეს ეკუთვნის. საგულისხმოა გარემოება, რომ "გრევითი ინვესთმენთი" 2023 წლის 23 მარტს, "ლატერენი" კი 2023 წლის 24 მარტს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსის" დირექტორი კი იურისტი კობა ჩეკურიშვილია.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი "მტკვარი ჰესის" პროექტი გაყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები