მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თანაინვესტირების ფონდი" "მტკვარი ჰესის" გაყიდვის მიზეზებს განმარტავს

თანაინვესტირების ფონდი

"თანაინვესტირების ფონდმა" "მტკვარი ჰესის" პროექტი გაყიდა - BMG-ისთვის მოწოდებულ პასუხში ფონდი აღნიშნავს, რომ ჰესი ქართულ კომპანია "ჰიდროენერჯიუსზე" გაყიდეს. კითხვაზე თუ რატომ მოხდა პროექტის გასხვისება, "თანაინვესტირების ფონდი" განმარტავს, რომ ფონდის მიზანს პროექტების განვითარება და მათი შემდგომი გასხვისება წარმოადგენს.

BMG-ის კითხვაზე, თუ რატომ გაყიდა ფონდმა აღნიშნული პროექტი, "თანაინვესტირების ფონდში" განგვიცხადეს, რომ კერძო საინვესტიციო ფონდის მიზანს მათ მიერ განხორციელებული პროექტების გასხვისება წარმოადგენს.

"როგორც მოგეხსენებათ, ყველა კერძო საინვესტიციო ფონდის ინტერესი ინვესტიციის განხორციელება და შემდეგ სხვადასხვა მექანიზმის საშუალებით კომპანიის საინვესტიციო წილის გასხვისებაა. ჩვენ რამდენიმე პროექტში სწორედ ამ ეტაპზე მივედით და ვაწარმოეთ მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები ინვესტორებთან. “მტკვარი ჰესის” პროექტის გასხვისებაც სწორედ ამის მაგალითია,"- გვითხრეს "თანაინვესტირების ფონდში".

"თანაინვესტირების ფონდის" პასუხის თანახმად, "ჰიდროენერჯიუსი" უზრუნველყოფს "მტკვარი ჰესის" დასრულების სამუშაოებს:

"2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა „მტვარი ჰესის“ პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გააგრძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს.

მტკვარი ჰესი, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია საქართველოს ჰიდროენერგიის მიმართულებით. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას,"- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდი "მტკვარი ჰესის" პროექტს 2014 წლიდან ახორციელებს, პროექტის თავდაპირველი ღირებულება $100 მილიონ დოლარს შეადგენდა, თუმცა 2023 წელს ცნობილი გახდა, რომ პროექტის საინვესტიციო მოცულობა გაორმაგდა და მან 236 მილიონ დოლარს მიაღწია. თავად ბიძინა ივანიშვილი პროექტის განვითარებითა და მკვეთრად გაზრდილი ხარჯებით უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რასთან დაკავშირებითაც გასული წლის ივლისში ცნობილი გახდა, რომ ჰესთან დაკავშირებული დოკუმენტაცია პროკურატურას მიეწოდა, რაც თანაინვესტირების ფონდის ყოფილი CEO-ს, გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ მიმდინარე საქმის თანამდევი გამოძიების საგანს წარმოადგენდა.

რა არის ცნობილი ჰესის ახალი ინვესტორის შესახებ:

თანაინვესტირების ფონდმა "მტკვარი ჰესის" ნასყიდობის ხელშეკრულება 16 ივლისს გააფორმა. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსმა" შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა. ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, აღნიშნული კომპანიის 66%-იანი წილი ეკუთვნის სს "გრევითი ინვესთმენთს", რომელიც 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანიაა და მისი 100%-იანი წილი იურისტ კობა ჩეკურიშვილს ეკუთვნის. 33%-იანი წილის მფლობელი კი ასევე 2023 წლის მარტში დაფუძნებული კომპანია "ლატერენია", რომელიც იურისტ თინა ბარბაქაძეს ეკუთვნის. საგულისხმოა გარემოება, რომ "გრევითი ინვესთმენთი" 2023 წლის 23 მარტს, "ლატერენი" კი 2023 წლის 24 მარტს დაფუძნდა. სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსის" დირექტორი კი იურისტი კობა ჩეკურიშვილია.

ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა $236-მილიონიანი "მტკვარი ჰესის" პროექტი გაყიდა

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები