მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამდენი პროექტი განახორციელა ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდმა - პასუხი

ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებულმა "თანაინვესტირების ფონდმა" ენერგეტიკაში მისი უმსხვილესი პროექტი - "მტკვარი ჰესი" გაყიდა. ჰესის ახალი მესაკუთრე ქართულ კომპანია "ჰიდროენერჯიუსი" გახდა. "მტკვარი ჰესის" დადგმული სიმძლავრე 54-მეგავატია, ხოლო მისი მშენებლობა 236 მილიონი დოლარი ჯდება.

BMG-იმ ფონდისგან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რომელი პროექტები აქვთ ამ დრომდე განხორციელებული. ფონდის პასუხის თანახმად, მათ მიერ ამ დრომდე განხორციელებული და დასრულებასთან ახლოს მყოფი პროექტების მთლიანი საინვესტიციო მოცულობა 912 მილიონ დოლარს შეადგენს (მტკვარი ჰესისთვის გათვალისწინებული $236 მილიონიანი ინვესტიციის ჩათვლით), ხოლო მიმდინარე (მშენებარე პროექტების) მთლიანი ღირებულება $317 მილიონი დოლარია, გარდა მტკვარი ჰესისა, ხოლო იმ პროექტების საინვესტიციო ღირებულება, რომელთა დასრულების ვადაც უცნობია, $683 მილიონ დოლარს შეადგენს. ამ პროექტებში შედის როგორც უშუალოდ თანაინვესტირების ფონდის, ასევე ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტები.

თანაინვესტირების ფონდის პასუხები მათ საინვესტიციო პროექტებზე:

კითხვა: გვაინტერესებს 2013-2024 წლების განმავლობაში ფონდის მონაწილეობით განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ. გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია თუ რა პროექტები განახორციელა ფონდმა, ასევე რა ინვესტიციები განახორციელა მათში?

პასუხი - საქართველოს თანაინვესტირების ფონდის პროექტებია:

უძრავი ქონება

  • გალერია თბილისი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 84 მლნ აშშ დოლარი
  • აქსის თაუერსი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 154 მლნ აშშ დოლარი

სოფლის მეურნეობა და ლოჯისტიკა

  • საქართველოს სათბურის კორპორაცია - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 29 მლნ აშშ დოლარი
  • ქართული აგრო სახლი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 780,000 აშშ დოლარი
  • გეოაგრო - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 17 მლნ აშშ დოლარი

წარმოება

  • ჰაიდელბერგ ცემენტი - ინვესტიციის ჯამური მოცულობა 100 მლნ აშშ დოლარი

კითხვა: ასევე გთხოვთ მოგვაწოდოთ ინფორმაცია მიმდინარე საინვესტიციო პროექტების შესახებაც, მათ შორის პროექტ მტკვარი ჰესის შესახებ. ფონდის ვებგვერდის თანახმად, ჰესის მშენებლობა 2024 წლის დასაწყისში უნდა დასრულებულიყო, იქიდან გამომდინარე რომ წლის პირველი ნახევარი უკვე გავიდა და ჰესი არ გახსნილა, გთხოვთ გვითხრათ როდის გაიხსნება ის?

  • 2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა „მტვარი ჰესის“ პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გააგრძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს.

მტკვარი ჰესი, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია საქართველოს ჰიდროენერგიის მიმართულებით. პროექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე 54.1 მგვტ-ია, ელექტროენერგიის საშუალო წლიური გამომუშავება 259.8 მლნ კვტ.სთ. მტკვარი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და მნიშვნელოვანი ეტაპი 2020 წლის თებერვლის თვის დასაწყისში შესრულდა, რაც გულისხმობდა Double Shield TBM-ით გაყვანილი ყველაზე გრძელი და დიდი დიამეტრის მქონე გვირაბის ექსკავაციის დასრულებას.

კითხვა: თქვენს ვებგვერდზე განთავსებული ზოგიერთი პროექტის განხორციელების აქტიური ფაზა ამ დრომდე არ არის დაწყებული. ამის მაგალითია ლენტეხის ჰესის პროექტი, რომლის მშენებლობა არ დაწყებულა. თუ შეგიძლიათ გვითხრათ როდის გეგმავს ფონდი ამ ჰესის მშენებლობის დაწყებას და მისი საინვესტიციო პარამეტრები ამ დროისთვის უცვლელია თუ არა ($385 მლნ დოლარი).

  • ლენტეხი ჰესის მშენებლობის ფარგლებში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები როგორც ინვესტორებთან ასევე, სახელმწიფო უწყებებთან. შესაბამისად, კონკრეტული თარიღების გასაჯაროებისგან თავს შევიკავებთ.

საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის პროექტებია:

1) პარაგრაფ შეკვეთილი - $ 130 მლნ;

სტატუსი: დასრულებულია

2) პარაგრაფ თბილისი - $161 მლნ;

სტატუსი: დასრულებულია

3) პარაგრაფ აბასთუმანი - $87 მლნ;

სტატუსი: დასრულდება 2026 წელს

4) პარაგრაფ თაბორი - $174 მლნ;

სტატუსი: დასრულდება 2025 წელს

5) სასტუმრო სიღნაღში - $56 მლნ;

სტატუსი: დასრულების ვადა 2024 წელს;

6) გამაჯანსაღებელი კომპლექსი მწვანე კონცხზე - $123 მლნ;

სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)

7) სასტუმრო განმუხურში - $60 მლნ;

სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)

8) სასტუმრო და საკონფერენციო ცენტრი სოლოლაკში - $115 მლნ-ის ინვესტიცია.

სტატუსი: თარიღი დაზუსტდება პროექტის კორექტირების შემდეგ)"- ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.

3 ივლისს ცნობილი გახდა, რომ შეიცვალა "თანაინვესტირების ფონდის" CEO და აღნიშნულ პოსტზე ცოტნე ებრალიძე დავით გალუაშვილმა ჩაანაცვლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები