დღეს, ბიძინა ივანიშვილის სარჩელის საფუძველზე გიორგი ბაჩიაშვილს კიდევ ერთი ბრალი წარედგინა. ის ჩივის, რომ “მტკვარი ჰესის” პროექტის მშენებლობა “კრიტიკულად” გაუძვირდა და ამაზე პასუხისმგებელი სწორედ ბაჩიაშვილი უნდა იყოს. საუბარია "მტკვარი ჰესის" პროექტზე, რომლის განვითარებაც ფონდმა 2014 წელს დაიწყო, 2024-ში კი თითქმის დასრულებული სახით გაასხვისა.
თავდაპირველი შეფასებით, სამცხე-ჯავახეთში მდებარე 54-მეგავატიანი მტკვარი ჰესის აგება 140 მილიონ დოლარამდე უნდა დამჯდარიყო, თუმცა ის 100 მილიონი დოლარით გაძვირდა. სწორედ ამ გაძვირებას ივანიშვილი გიორგი ბაჩიაშვილის საქმიანობას უკავშირებდა.
თუმცა, 2017 წლის დასაწყისში ჰესის მთავარი ობიექტის - 9.6-კილომეტრიანი გვირაბის გაყვანის დროს გვირაბი ჩამოიშალა, რამაც TBM აპარატის მიწაში გაჭედვა განაპირობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომპანია მნიშვნელოვანი ფინანსური ზარალის წინაშე დადგა, რაც ერთდროულად რამდენიმე საკითხს მოიცავდა - ალტერნატიული საინჟინრო პროექტის მომზადება და სახელმწიფოსთან შეთანხმება, სადაზღვევო და სამართლებრივი დავა და დამატებითი ფინანსების მობილიზების აუცილებლობა.
გვირაბის მთხრელი მანქანა გვირაბის საპროექტო სიგრძის 7.3 კმ-ის სიგრძეზე გაიჭედა, შესაბამისად, მომხდარის დროს გვირაბის 76% უკვე გაყვანილი იყო, რაც დამატებით ართულებდა ალტერნატიული საინჟინრო გადაწყვეტის მომზადებას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დოკუმენტების თანახმად, სამუშაოთა გაგრძელება მხოლოდ 2019 წლის 23 ივნისს მოხდა. ამასთან, პროექტის მოდიფიკაციის ფარგლებში საჭირო გახდა 300 მეტრის სიგრძის ახალი გვირაბის გაყვანაც.
თუმცა, დანარჩენი სამუშაოები შემდეგ დაწყებულმა COVID პანდემიამ გადაავადა და გააძვირა. ამასთან, “თანაინვესტირების ფონდი” მტკვარი ჰესს ბიძინა ივანიშვილის პირდაპირი დაფინანსების ნაცვლად, “თიბისი ბანკიდან” მოზიდული კრედიტით აფინანსებდა. იმის გამო რომ პროექტის ვადები გადაიწია, ამან საბანკო ვალდებულებების ზრდაც განაპირობა.
თავად “მტკვარი ჰესის” ფინანსურ ანგარიშში ნათქვამია, რომ გვირაბის ჩამოშლის გამო 2019 წლიდან დაიწყო დავა დამდგარი ზიანის ანაზღაურებისთვის. სასამართლომ 2022 წლის ოქტომბერში სადაზღვევო კომპანიას 8.1 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.
“2019 წლის 4 ნოემბერს კომპანიამ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა სადაზღვევო კომპანიის წინააღმდეგ რათა მას აენაზღაურებინა გვირაბში რთული გეოლოგიური სიტუაციის გამო გამოწვეული ზარალი. კომპანიამ მოითხოვა კომპენსაცია მატერიალური ზარალისთვის, დაკარგული მოგების (ALOP), საბანკო სესხზე დარიცხული პროცენტის და სხვა პირდაპირ დაკავშირებული ხარჯებისთვის. 2022 წლის 20 ოქტომბერს სასამართლომ კომპანიის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებით, კომპანია მიიღებს 8,138 ათასი აშშ დოლარის კომპენსაციას, საიდანაც 5,687 ათასი აშშ დოლარი მიღებულ იქნა 2022 წელს. 2,451 ათასი აშშ დოლარი 2022 წლის 31 დეკემბრისთვის აღირიცხა როგორც სხვა მოთხოვნა, მისი მიღება მოხდა 2023 წლის იანვარში,”- ნათქვამია მტკვარი ჰესის ფინანსურ ანგარიშში.
ჰესის გვირაბის გაყვანა 2020 წლის თებერვალში დასრულდა, თუმცა გვირაბის გარდა პროექტი მიმღები სათავო ნაგებობის, თევზსავალის, სააგრეგატო ნაგებობისა და სხვა ობიექტების მშენებლობას მოიცავდა.
“მტკვარი ჰესის” პროექტზე პირველი განცხადება 2023 წლის ივლისში ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა თემო წიქვაძემ გააკეთა. ის აცხადებდა, რომ გიორგი ბაჩიაშვილს რომელსაც იმ დროს ქართუ ბანკის სესხთან დაკავშირებით ბრალი რამდენიმე დღის წარდგენილი ჰქონდა, ბრალი მტკვარი ჰესის პროექტის გაძვირებასთან დაკავშირებითაც შეიძლება დამძიმებოდა. 2024 წლის ივლისში კი ბიძინა ივანიშვილმა ჰესი ქართულ კომპანია “ჰიდროენერჯიუსზე” გაყიდა.
გიორგი ბაჩიაშვილის კომენტარი "მტკვარი ჰესის" პროექტზე
გიორგი ბაჩიაშვილმა რამდენიმე დღის წინ გადაცემა “ანალიტიკასთან” ვრცელ ინტერვიუში მტკვარი ჰესის პროექტის შესახებაც გააკეთა კომენტარი. მისი თქმით, 2020 წელს ბიძინა ივანიშვილმა “ქართუ ბანკის” თანამშრომლებს პროექტის სრული აუდიტი ჩაატარებინა, რამაც არავითარი საეჭვო გარემოება პროექტზე ვერ გამოავლინა.
“ჰესის პროექტზე არის მსოფლიო ბანკის კვლევა რომელიც აჩვენებს რომ მსგავსი მასშტაბის პროექტების ბიუჯეტები საშუალოდ 67%-ში უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე თავიდან არის პროგნოზირებული.
ამ პროექტში სირთულე შექმნა რომ ჰესის გვირაბში გაიჭედა გვირაბის გამყვანი მანქანა, რადგან რბილი და ჭაობისებრი ქანები შეხვდა შიგნით. და ძალიან დიდი დრო დასჭირდა მის გამოყვანას. შესაბამისად ამან დრო გადასწია ყველა სხვა სამუშაოებისთვის რომლებიც უნდა განხორციელებულიყო გვირაბის მეშვეობით. ამას დაემატა პანდემია, რადგან კონტრაქტორი ვერ ახერხებდა სათანადო რაოდენობის მუშახელის მობილიზაციას ასევე მოხდა ძალიან დიდი ინფლაცია, რამაც მშენებლობის დანახარჯების საფასური გლობალურად გაზარდა და ამან გამოიწვია პროექტის ფასის გაძვირება.
რაც შეეხება ზედამხედველობას მშენებლობას ზედამხედველობდა სპეციალური ზედამხედველი კომპანია, ასევე პროცესს აუდიტს უტარებდა დიდი ოთხეულიდან დაქირავებული აუდიტორული კომპანია.
მეტსაც გეტყვით 2020 წელს ივანიშვილმა ქართუ ბანკის თანამშრომლებს ჩაატარებინა პროექტის მთლიანი რევიზია, როდესაც მათ წაიღეს პროექტის სრული დოკუმენტაცია, მათაც გაიარეს და ვერაფერი დარღვევა ვერ იპოვეს.
მას უბრალოდ მიზეზი სჭირდებოდა რომ დაჰბრუნებოდა ბიტკოინების თემას. თუ მიუბრუნდებით პირველად განცხადებას ნახავთ რომ იქ ნათქვამია რომ მტკავრი ჰესში იყო გადახარჯვები და ამიტომ შეგვეპარა ეჭვი გიორგი ბაჩიაშვილის კეთილსინდისიერაბაში და ამიტომ გადავამოწმეთ ბიტკოინების თემაო,”- განაცხადა ბაჩიაშვილმა.
წარდგენილი ბრალი ხანდაზმულია
პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი საქართველოს სსკ-ის 220(1)-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად შესრულებას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
თავად გიორგი ბაჩიაშვილის განცხადებით, ბრალდება ხანდაზმულია, რადგან პროკურატურის მტკიცებით, მისი "დანაშაული" ჩადენილი იყო 2014 წელს, როდესაც არ მოხდა პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული რისკების სათანადოდ შესრულება. თუმცა, ამ მუხლს 6-წლიანი ხანდაზმულობა აქვს, შესაბამისად ის აღნიშნულ პერიოდზე ვერ გავრცელდება.
"დღეს, გენერალურმა პროკურატურამ ჩემს წინააღმდეგ კიდევ ერთი უსაფუძვლო ბრალდება წამოაყენა—ამჯერად, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის რანგში მტკვარი ჰესთან დაკავშირებული გულგრილობის ბრალდებით.წაყენებული ბრალდება ეფუძნება 220-ე მუხლს, რომელიც წარმოადგენს შედარებით მსუბუქ დანაშაულს და ექვემდებარება ექვსწლიანი ხანდაზმულობის ვადას. კანონის თანახმად, ეს ნიშნავს, რომ 2019 წლის 28 თებერვლამდე ჩადენილი ნებისმიერი ქმედება სამართლებრივად ხანდაზმულია. მიუხედავად ამისა, საქმის გამომძიებლის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს ბრალდების აგებას 2014 წელს ჩატარებულ კვლევაზე და პროექტის დასაწყისში რისკების არასათანადო შეფასებაზე - მოვლენებზე, რომლებიც, თუნდაც სიმართლე იყოს, ყველა სამართლებრივი სტანდარტით მინიმუმ ხუთი წლით სცდება ხანდაზმულობის ვადას. პროკურატურის ეს უკანასკნელი ნაბიჯი არა მხოლოდ სრულიად უსაფუძვლოა სამართლებრივად, არამედ კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს, რომ საქმე გვაქვს თვითნებურ მართლმსაჯულებასთან. ამ პროცესს სხვა ახსნა უბრალოდ ვერ ექნება, გარდა იმისა, რომ ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული მცდელობა ხელოვნურად შეკერონ საქმე, რომელიც ემსახურება მხოლოდ ივანიშვილს და მის მიერ ორკესტრირებულ გამოძალვის კამპანიას. დასკვნები თქვენთვის მომინდვია,"- აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.
"მტკვარი ჰესის" პროექტის შესახებ:
მტკვარი ჰესი მოდინების ტიპის ჰიდრეოელქტოსადგურია, რომელიც მდინარის ნაკადის დაახლოებით 10%-ს ჰიდროელექტროსადგურში მიმართავს. საინჟინრო გეგმის თანახმად, ჰესის მთავარი ნაგებობაა 9.6-კილომეტრიანი სადერივაციო გვირაბი. ჰესის ზედა წერტილი ზღვის დონიდან 1,015 მეტრზე, ხოლო ქვედა წერტილი 909 მეტრზე მდებარეობს.
“მტკვარი ჰესის” პროექტს 2009-2014 წლებში სააქციო საზოგადოება “კაუკაზუს ენერჯი ენდ ინფრასთრაქჩა” ახორციელებდა, რომლისგანაც შემდგომში “თანაინვესტირების ფონდმა” სადგურის 100% გამოისყიდა.
პროექტში მონაწილე სამშენებლო კომპანიები არიან: შპს ფერი და სს ენერგონი, ხოლო საინჟინრო-საკონსულტაციო კომპანიების მხრიდან ჩართულები არიან: ILF Consulting Engineers, Tunnelconsult და Ukrhydroproject. გვირაბის გაყვანის სამუშაოები შესრულებულია გერმანული კომპანია Herrenknecht AG-ის გვირაბგამყვანი მანქანით, ხოლო ელექტრო-მექანიკურ დანადგარები ავსტრიული კომპანიის Voith Hydro მიერაა წარმოებული.
ენერგეტიკული პროექტების ვადაგადაცილება და გაძვირება
მნიშვნელოვანია გარემოება, რომ მსგავსი ტიპის გადახარჯვა, რაც პროექტის შემადგენელი გვირაბის ტექნიკურ სირთულეებს უკავშირდებოდა საქართველოში შეექმნა სხვა ჰესის პროექტსაც. კერძოდ კი აჭარისწყალი ჰესის სადერივაციო გვირაბები 2017 წელს სატესტო გაშვების შემდეგ დაზიანდა, რისი აღდგენა და გამართვა კომპანიას ათობით მილიონი დოლარი დაუჯდა, რის შემდეგაც ჰესი ხელახლა გაეშვა ექსპლოატაციაში, ეს კი ინვესტორს დრო და დამატებითი ფინანსები დაუჯდა.
ენერგეტიკულ პროექტებში გადახარჯვისა და ვადაგადაცილების შესახებ კვლევა
მსოფლიო ბანკის მიერ დაფინანსებული კვლევა WB-ის ჩართულობით აშენებული 54 ჰიდროელექტოსადგურის ფინანსურ მაჩვენებლებს აფასებს. კვლევის თანახმად, პროექტების 70%-ში დაფიქსირდა ბიუჯეტის გადამეტების ფაქტები, ხოლო საშუალოდ ეს გადამეტება 31.4%-ს შეაედგენდა.
კვლევა გამოყოფს ხუთ მთავარ მიზეზს, რომლებიც 64.7%-ით განსაზღვრავს ხარჯების გადაჭარბებას:
- სამუშაოს მოცულობის ცვლილება
- გეოლოგიური პრობლემები
- ინფლაცია და ვალუტის კურსის მერყეობა
- არარეალური შეფასებითი გათვლები
- რეალური ფასების ზრდა
კვლევა ასევე გამოყოფს კონტრაქტორების საქმიანობასთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე რეგულაციურ და სხვადასხვა სამართლებრივ პრობლემებს პროექტების განვითარებასთან დაკავშირებით.
“მტკვარი ჰესი” გაიყიდა
ბიძინა ივანიშვილის "თანაინვესტირების ფონდმა" 2024 წლის ივლისში "მტკვარი ჰესი" გაყიდა. ჰიდროელექტროსადგურის პროექტი სააქციო საზოგადოება "ჰიდროენერჯიუსმა" შეიძინა, რომელიც 2024 წლის თებერვალში დაფუძნებული კომპანიაა.
"2024 წლის ივლისის თვის მდგომარეობით, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის მიერ მოხდა „მტვარი ჰესის“ პროექტის 100%-იანი წილის გასხვისება. აღნიშნული პროექტი შეიძინა ქართულმა კომპანიამ სს „ჰიდროჯენიუსმა“, რომელიც გააგრძელებს პროექტის მშენებლობის დასკვნით სამუშაოებს," - ნათქვამია თანაინვესტირების ფონდის პასუხში.
ინფორმაციისთვის: 2025 წლის 10 თებერვალს ესკომ "მტკავრიჰესს" საცდელი ოპერირების ნებართვა მისცა.