მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს "ოცნების" დონორებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ ₾1 მლრდ-ის ტენდერები მოიგო - TI

სს

"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" 2023 წელს საქართველოში პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.

15 პოლიტიკური პარტიის მიერ (პარტიები, რომლებიც სახელმწიფო დაფინანსებას იღებენ ან წლის განმავლობაში 100,000 ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს) წარდგენილი 2023 წლის ფინანსური დეკლარაციების ანალიზის შედეგად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ” შემდეგი ძირითადი მიგნებები გამოკვეთა:

პარტიების შემოსავლები და ხარჯები

  • შესწავლილმა 15-მა პარტიამ ჯამურად 26,452,373 ლარის ოდენობის შემოსავალი (საბიუჯეტო დაფინანსება, შემოწირულება, საბანკო სესხი) მიიღო და 14,856,671 ლარის ხარჯი გასწია. ყველა პარტიის ჯამური შემოსავლების 62% (16,315,610 ლარი) „ქართულ ოცნებაზე“ მოდიოდა;
  • პოლიტიკური პარტიების მიერ ჯამურად მიღებული შემოსავლების 48% (12,742,941 ლარი) სახელმწიფო დაფინანსებაზე მოდიოდა, 52% (13,138,636) კი - კერძოზე (შემოწირულება, საბანკო სესხი);
  • 15 პოლიტიკური პარტიიდან 6 პარტიამ მიიღო 1000 ლარზე მეტი შემოწირულება. პარტიებმა სულ 13,138,636 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღეს;
  • „ქართულმა ოცნებამ“ 11 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის შემოწირულება მიიღო (ჯამური შემოწირულებების 85%). არასაარჩევნო წლისთვის ეს რეკორდული რაოდენობის შემოწირულებაა
  • „ქართულმა ოცნებამ“ წლის განმავლობაში ჯამური შემოსავლის სახით მიღებული 16.3 მილიონის ფონზე მხოლოდ 5.2 მილიონი ლარის ხარჯი გასწია.

დონორებთან დაკავშირებული კომპანიების მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებსა და სახელმწიფო პროგრამებში:

  • 2023 წელს ტენდერები შემომწირველებთან დაკავშირებულმა 15-მა კომპანიამ მოიგო, საიდანაც 14 კომპანია „ქართული ოცნების“ შემომწირველებთან იყო დაკავშირებული, ხოლო ერთი პარტია — „ლელოსთან“;
  • საანგარიშო პერიოდში მმართველი პარტიის შემომწირველებთან დაკავშირებულმა 14-მა კომპანიამ 1,1 მილიარდამდე ლარის ღირებულების ტენდერები მოიგო. ამავე პერიოდში ამ კომპანიებმა „ქართულ ოცნებას“ 1.45 მილიონი ლარი შეწირეს;
  • 2023 წელს რთველის წინა პერიოდში „ქართულ ოცნებას“ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებულმა შემომწირველებმა 1 მილიონ ლარამდე შეწირეს;
  • 2023 წელს შემომწირველებთან დაკავშირებულ ალკოჰოლის მწარმოებელ კომპანიებს 2013-2023 წლებში 39 მილიონამდე ლარის ღირებულების შეღავათიანი აგროკრედიტები აქვთ მიღებული, ხოლო 2021-2023 წლებში – 30 მილიონ ლარზე მეტი რთველის სუბსიდია.

სავარაუდოდ მესამე პირების მეშვეობით განხორციელებული შემოწირულებები:

  • მსხვილი ბიზნეს ჯგუფების დირექტორებისა და პარტნიორების გარდა, ხშირად მმართველი პარტიის დონორები კომპანიებში ისეთ პოზიციებზე დასაქმებული პირები არიან, როგორებიცაა ფინანსური ოფიცერი, გეოლოგი, მექანიკოსი, საამქროს უფროსი და ა.შ. ეს გარემოება აჩენს ეჭვს, რომ ისინი ფიქტიური დონორები არიან, რეალური შემომწირველი კი დაფარულია, რაც კანონდარღვევაა
  • „ქართული ოცნებისთვის“ თანხის შესაწირად სავარაუდოდ ფიქტიური დონორების გამოყენების პრაქტიკა გამოიკვეთა RMG ჯგუფთან და „ანაგი“ ჯგუფთან დაკავშირებით
  • ფიქტიური შემოწირულების ეჭვს აჩენს აგრეთვე დროის მცირე ინტერვალში ერთი ჯგუფის მიერ განხორციელებული შემოწირულებები, რომლებსაც ადგილი ჰქონდა შპს „ლილო-მოლთან“ დაკავშირებით, როდესაც კომპანიის წვრილმა მეწილეებმა ერთსა და იმავე დღეს მსხვილი თანხები შეწირეს მმართველ პარტიას.

პარტიებზე ზედამხედველობა:

  • მას შემდეგ, რაც პარტიების ზედამხედველობა ანტიკორუფციული ბიუროს მანდატი გახდა, პოლიტიკური ფინანსების ზედამხედველობის მიმართულებით საქმიანობაზე ინფორმაციის მოპოვება გართულებულია
  • ანტიკორუფციული ბიუროს მიერ პარტიების პირდაპირი და არაპირდაპირი გზით დაფინანსების შემთხვევების მონიტორინგის პროცესი არ არის გამჭვირვალე, რაც აჩენს საფრთხეს, რომ ბიურო კანონის გაუმართლებლად ფართო ინტერპრეტაციით სარგებლობს და პოლიტიკურად მოტივირებულია
  • 2023 წელს ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სასამართლოში გადაგზავნილი 12 საქმიდან ოთხ შემთხვევაში სასამართლომ სანქციის სახით შენიშვნა გამოიყენა, ერთ შემთხვევაში — გაფრთხილება, ერთ საქმეზე წარმოება შეწყდა, ხოლო დანარჩენ ექვსშვიდ შემთხვევაში პარტიებს ჯარიმები შეეფარდათ, ჯამურად ჯარიმის თანხამ 25,700 ლარი შეადგინა.

საკანონმდებლო ცვლილებები:

  • 2023 წლის დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებებით აიკრძალა იურიდიული პირების მიერ პარტიის სასარგებლოდ შემოწირულების განხორციელება; აგრეთვე, შემცირდა პარტიების მიერ წლის განმავლობაში გაღებული ხარჯების ზედა ზღვარი. ცვლილებები მეტწილად ფორმალური ხასიათისაა და ვერ აღმოფხვრის მმართველ პარტიასა და სხვა პარტიებს შორის არსებულ დიდ ფინანსურ უთანასწორობას.

რეკომენდაციები:

  • მმართველი პარტიის სასარგებლოდ განხორციელებული შემოწირულებები წლებია აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ ეს შემოწირულებები წარმოადგენს კორუფციული სქემის ნაწილს, რომელიც მსხვილი სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტებთან და სხვა საბიუჯეტო პროგრამებიდან სარგებლის მიღებასთან არის დაკავშირებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს ვალდებულებაა გამოიძიოს ასეთი შემთხვევები.
  • თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას ანტიკორუფციულმა ბიურომ მკაცრად უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, იხელმძღვანელოს მხოლოდ კანონით და დაიცვას გამჭვირვალობის პრინციპები. ამ წინაპირობების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამართლიანი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.
  • ანტიკორუფციული ბიურო აღჭურვილი უნდა იყოს შესაბამისი საგამოძიებო უფლებამოსილებებით. პოლიტიკური ნეიტრალიტეტის უზრუნველსაყოფად ბიუროს უფროსის დანიშვნაში მონაწილეობა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ.
  • სასურველია, ანტიკორუფციულმა ბიურომ წლიური ფინანსური ანგარიშგების დოკუმენტში ჩაამატოს ცალკე ფორმა, სადაც პარტიები მიუთითებენ „სხვა ფულადი შემოსავლების“ კატეგორიაში აღნიშნული თანხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) კონკრეტულ წარმომავლობას.
  • სასურველია, პოლიტიკურმა პარტიებმა უფრო მეტი აქცენტი გააკეთონ სხვადასხვა ღონისძიებებისა თუ კამპანიების მეშვეობით შემოწირულებების მოზიდვაზე. როგორც წესი, ასეთ დროს პარტიები რამდენიმე მსხვილ დონორზე არ არიან დამოკიდებული და შესაძლო კორუფციული გარიგებების რისკიც უფრო მცირეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები