მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ხეზე უნდა ავიდეთ და ტოტზე ჩამოვეკიდოთ?!" | რატომაა ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა არაკონსტიტუციური?

ვახტანგ ხმალაძე

კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ განაცხადა, სადაც პარლამენტის მიერ დაჩქარებული სახით მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები შეაფასა. შედეგად, სავალდებულო გახდა „ხალხის ან ტრანსპორტის სავალ ადგილას“ აქციის გამართვისთვის პოლიციის 5 დღით ადრე გაფრთხილება.

სამი მოწვევის პარლამენტის წევრი განმარტავს, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები“ ეწინააღმდეგება კონსტიტუციის 21-ე მუხლს, რომელიც მოქალაქეებს აძლევს უფლებას, შეიკრიბონ წინასწარი ნებართვის გარეშე და ნებისმიერი კანონი, რომელიც ამ უფლებას ზღუდავს ან ნებართვით რეჟიმს აწესებს, პირდაპირ ეწინააღმდეგება ქვეყნის უზენაეს კანონს.

საქართველოს კონსტიტუცია|მუხლი 21

ყველას, გარდა იმ პირებისა, რომლებიც არიან თავდაცვის ძალების ან სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს შემადგენლობაში, აქვს წინასწარი ნებართვის გარეშე საჯაროდ და უიარაღოდ შეკრების უფლება.

მისივე განმარტებით, საქართველოს კონსტიტუციას აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა და თუ კანონი ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, მოსამართლე ვალდებულია, კონსტიტუციის ნორმით იხელმძღვანელოს.

მოსამართლე, რომელიც ანი ახმეტელის ან სხვა მოქალაქეების საქმეს განიხილავს, ვალდებულია, შეამოწმოს ნორმის კონსტიტუციურობა. ეჭვის შემთხვევაში კი, პროცესი უნდა შეაჩეროს და საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს განმარტებისთვის“, - აღნიშნა კონსტიტუციონალისტმა.

ჟურნალისტის კითხვას - სად უნდა გამოხატოს მოქალაქემ პროტესტი, როდესაც ტროტუარზე დგომის გამოც კი, შეიძლება, 15-დღიანი პატიმრობა მიესაჯოს - ვახტანგ ხმალაძემ ირონიით უპასუხა: „ახლა მე რომ თქვენ დაგინიშნოთ შეხვედრა რუსთაველზე, ხეზე უნდა ავიდე, ტოტზე ჩამოვეკიდო და ისე დაგელოდოთ?!“

ვახტანგ ხმალაძემ წერტილთან“ ინტერვიუში არაერთხელ აღნიშნა, რომ ტროტუარზე პროტესტის შეზღუდვა არაკონსტიტუციურია.

მანქანების სავალ ნაწილზე აგვიკრძალეს აგვიკრაძალეს [პროტესტი], ტროტუარზე შეგვიზღუდეს, თან მოგვთხოვეს, ფაქტობრივად, ნებართვის აღება... და რაღა გვრჩება თუ პროტესტის გამოხატვა გვინდა?! ერთი, რომ მივიდეთ რუსთაველზე, ხეებზე ავიდეთ და ვისხდეთ - ასე გამოვხატოთ პროტესტი; არის კიდევ მეორე გზა, ოღონდ ცოტა ძვირად ღირებულია - საჰაერო ბურთები ვიყიდოთ, შევუშვათ შიგნით მსუბუქი აირი და ჩამოკიდებულებმა გამოვაცხადოთ პროტესტი. ეს ხომ მარაზმია?!“, - აცხადებს კონსტიტუციონალისტი.

ვახტანგ ხმალაძის შეფასებით, ხელისუფლება მახრჩობელა გველის“ ტაქტიკით მოქმედებს და ქვეყანას ტოტალიტარული მმართველობისკენ მიაქანებს.

მისი თქმით, 2024-2025 წლებში თავისუფლების ხარისხის შეზღუდვა სწორედ ასეთი დინამიკით ხდება: ჯერ გაიზარდა ჯარიმები, შემდეგ შემოიღეს ადმინისტრაციული პატიმრობა, ბოლოს კი, ფაქტობრივად, ტროტუარზე დგომის აკრძალვამდე მივიდნენ.

ვახტანგ ხმალაძემ გაიხსენა თავისი სტუდენტობის პერიოდი (1960-იანი წლები) და აღნიშნა, რომ მსგავსი აბსურდი საბჭოთა კავშირის დროსაც კი არ ახსენდება. მან გაიხსენა შემთხვევა, როდესაც მეტროსთან მარტო მდგომს მილიციელმა დაშლისკენ“ მოუწოდა, რაც მაშინ სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ.

პერესტროიკის პერიოდის საბჭოთა კავშირი უფრო სამართლებრივი სახელმწიფო იყო, ვიდრე დღევანდელი საქართველოა. დღეს ჩვენი მმართველობა უკვე ტოტალიტარულია, საიდანაც მხოლოდ ერთი ნაბიჯია დიქტატურამდე“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ.

კონსტიტუციონალისტმა ასევე პარალელი გაავლო თანამედროვე რუსეთთან, სადაც ადამიანებს ცარიელი ფურცლის ჭერის გამო აპატიმრებენ და აღნიშნა, რომ საქართველოში ტროტუარზე დგომის გამო დევნა, სწორედ ამ გზაზე დგომას ნიშნავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები