მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს პარლამენტი ყველაზე მეტად დაიხურა - TI

შალვა პაპუაშვილი

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" 2023 წელს პარლამენტის საქმიანობას აფასებს. ორგანიზაციის შეფასებით, 2023 წელს პარლამენტი სამოქალაქო საზოგადოებისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახდა.

მათი ცნობით, პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. პარლამენტი აღარ გასცემს იმ საჯარო ინფორმაციას, რომელიც დეპუტატების კრიტიკის საფუძველი შეიძლება გახდეს.

"პარლამენტმა საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის ფარგლებში არ მოგვაწოდა ის ინფორმაცია, რომელსაც უკანასკნელი 10 წელია გვაწვდიდა: პარლამენტის წევრთა სიტყვით გამოსვლის რაოდენობა, დეპუტატების მიმართ გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობების შესახებ ინფორმაცია, კომიტეტების საქმიანობის შესახებ სრულყოფილი ინფორმაცია", - აცხადებენ ორგანიზაციაში.

სტატისტიკური მონაცემები

  • 2023 წელს 12 მინისტრის საათი და 6 ინტერპელაცია ჩატარდა;
  • კომიტეტის სხდომაზე ანგარიშვალდებული პირები 6-ჯერ დაიბარეს (5 შემთხვევაში ინიციატორი ოპოზიცია იყო, 1 შემთხვევაში კომიტეტი). ანგარიშვალდებული პირი 5-ჯერ დაესწრო სხდომას;
    73 საკანონმდებლო პაკეტთა (245 კანონის პროექტი) პროექტზე ვადის გაგრძელება 111-ჯერ იქნა გამოყენებული;
  • შემცირდა სადეპუტატო კითხვების რაოდენობა, პარლამენტის 47 წევრმა სულ 2997 კითხვა გაუგზავნა მინისტრებსა და ანგარიშვალდებულ პირებს, აქედან 77 უმრავლესობის დეპუტატების, ხოლო ოპოზიციის 2920 კითხვა იყო. ყველაზე მეტი კითხვა ოპოზიციის დეპუტატმა თინათინ ბოკუჩავამ გააგზავნა (582 კითხვა)
  • დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ 3 მოთხოვნა დარეგისტრირდა პარლამენტში, ყველას ინიციატორი ოპოზიცია იყო. საგამოძიებო კომისია არც ერთ შემთხვევაში არ შექმნილა.
  • პარლამენტის წევრთა აქტიურობა

გარდა ამისა:

- საზღვარგარეთ მივლინებებში პარლამენტის 98 წევრზე დაიხარჯა 1,836,033.17 ლარი;
- ყველაზე მეტი კანონპროექტის ინიციატორია უმრავლესობიდან ირმა ზავრადაშვილი (105 კანონის პროექტი), ხოლო ოპოზიციიდან ალექსანდრე რაქვიაშვილი (74 კანონის პროექტი);
- პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით ყველაზე მეტჯერ გააცდინა ოპოზიციიდან ცეზარ ჩოჩელმა (23 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან ელისო ბოლქვაძემ ( 13 გაცდენა);
- კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით ოპოზიციიდან ყველაზე მეტჯერ გააცდინა გიორგი გოდაბრელიძემ (16 გაცდენა), ხოლო უმრავლესობიდან მარიამ ლაშხმა (10 გაცდენა).

ძირითადი გამოწვევები

2023 წელს განსაკუთრებით გაუარესდა პარლამენტის ღიაობა და გამჭვირვალობა. პარლამენტის შენობაში შესვლასა და კომიტეტის სხდომაზე დასწრებაზე უარის თქმა დაუსაბუთებლად, მხოლოდ პარლამენტის უსაფრთხოების წესებზე ზოგადი მითითებით ხდებოდა. ასევე, ამოქმედდა მედიის აკრედიტაციის განახლებული რეგულაციები, რომელმაც პარლამენტი კრიტიკული მედიის წარმომადგენლებისთვის კიდევ უფრო დახურული და გაუმჭვირვალე უწყება გახადა.

პარლამენტის რეგლამენტით გაუარესდა საპარლამენტო კონტროლი, ანგარიშვალდებული ორგანოს ანგარიშების უმრავლესობის პლენარულ სხდომაზე განხილვა აღარ არის სავალდებულო;

უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობის განხორციელება სუსტია. ნდობის ჯგუფი კვლავ არასრული შემადგენლობით ახორციელებს საქმიანობას;

პარლამენტში არ იქმნება დროებით საგამოძიებო კომისია. უმრავლესობა ხელოვნურად უშლის ხელს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას. უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებათა შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ დადგენილების პროექტის კენჭისყრა არ შედგა, რადგან უმრავლესობის დეპუტატებმა რეგისტრაცია არ გაიარეს სხდომის წინ. როგორც განაცხადეს, ეს იყო სანქცირებული მოსამართლეების „სოლიდარობის აქტი”;

მინისტრები და სხვა ანგარიშვალდებული პირები დროულად და სრულად არ პასუხობდნენ სადეპუტატო კითხვებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც კითხვის ავტორი ოპოზიციონერი დეპუტატი იყო.

ეთიკის კოდექსის მიღების მიუხედავად, დღემდე არ არის ჩამოყალიბებული ეთიკის საბჭოს შემადგენლობა. შედეგად, ვერ ხდება ეთიკის კოდექსის მოთხოვნების აღსრულება, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის წევრები ხშირად არღვევენ ეთიკურ ნორმებს, პარლამენტში კვლავ არ მოქმედებს ეთიკის კომისია;

გამოწვევად რჩება დაჩქარებული წესით კანონპროექტების განხილვის პრაქტიკა.[2] პარლამენტმა ამ წესით 122 კანონის პროექტი მიიღო;

საკანონმდებლო წინადადების განხილვას ფორმალური ხასიათი გააჩნია.

რეკომენდაციები

უსაფრთხოების სექტორზე ეფექტიანი საპარლამენტო ზედამხედველობისათვის მიზანშეწონილია გადაიდგას შემდეგი ნაბიჯები:

უნდა გაძლიერდეს უსაფრთხოების სექტორზე ზედამხედველობა, მათ შორის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სრულფასოვანი ზედამხედველობისათვის პარლამენტში შეიქმნას სპეციალიზებული სტრუქტურა (ცალკე კომიტეტი, ქვეკომიტეტი ან ნდობის ჯგუფი გაფართოებული მანდატით). სპეციალიზებულ სტრუქტურასთან უნდა არსებობდეს ექსპერტთა დამოუკიდებელი საბჭო;

საპარლამენტო კონტროლი სრულფასოვნად უნდა ხორციელდებოდეს. უნდა არსებობდეს საპარლამენტო ზედამხედველობის სათანადო გარანტიები რეგლამენტში, კერძოდ უზრუნველყოფილი იყოს ოპოზიციის სრულფასოვანი მონაწილეობა; სავალდებულო უნდა იყოს დამოუკიდებელი ორგანოების მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი საქმიანობის ანგარიშების პლენარულ სხდომაზე განხილვა; უმრავლესობა ხელოვნური ბერკეტებით არ უნდა აფერხებდეს ოპოზიციის მიერ კონტროლის მექანიზმების გამოყენებას;

პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების ხელმძღვანელების დანიშვნისას, პოლიტიზირებული გადაწყვეტილების თავიდან ასაცილებლად, სავალდებულო უნდა იყოს ოპოზიციურ ფრაქციებთან კონსულტაცია და რეგლამენტში უნდა გაიწეროს მათთან შეთანხმების გზით გადაწყვეტილების მიღების წესი.

ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკანონმდებლო პროცესი ფართო დისკუსიისა და ექსპერტების ჩართულობის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს, პარლამენტის წევრები ამ პროცესში უნდა ითვალისწინებდნენ საზოგადოების აზრს, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების დროს უნდა კეთდებოდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება;

მხოლოდ საგამონაკლისოდ უნდა ხდებოდეს როგორც დაჩქარებული წესით კანონპროექტთა, ასევე მათი განხილვის ვადების გადაწევა;

საკანონმდებლო წინადადებები სამოქალაქო ჩართულობის ფორმალურ ინსტრუმენტად არ უნდა იქცეს. პარლამენტი საკანონმდებლო წინადადებებს დროულად უნდა იხილავდეს და ასევე აძლევდეს საშუალებას წინადადების ავტორებს კომიტეტზე წარადგინონ მოსაზრებები.
ღიაობა და გამჭვირვალობა

პარლამენტი ხელს უნდა უწყობდეს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის ჩართულობას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში და არ უნდა ქმნიდეს ხელოვნურ ბარიერებს;

პარლამენტი უნდა უზრუნველყოფდეს სამოქალაქო საზოგადოების და მედიის ჩართულობას საპარლამენტო საქმიანობაში და არ ახდენდეს მათი მონაწილეობისა და ჩართულობის დაბლოკვას საკანონმდებლო ცვლილებების თუ არსებული წესების დარღვევის ხარჯზე;

პარლამენტი კანონით დადგენილ ვადებში და წესით უნდა გასცემდეს საჯარო ინფორმაციას, რაც მისივე საქმიანობის გამჭვირვალობას და ანგარიშვალდებულებას ემსახურება. პარლამენტის შენობაში შესვლა დაუსაბუთებლად არ უნდა ეზღუდებოდეთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს;

ეთიკის კოდექსის ამოქმედების მიზნით, პარლამენტმა დროულად უნდა შეძლოს ეთიკის საბჭოს დაკომპლექტება. ბოლო წლების განმავლობაში გახშირებულია დეპუტატებს შორის როგორც სიტყვიერი, ისე ფიზიკური დაპირისპირება, რაზეც სათანადო რეაგირების შესაძლებლობა არ არსებობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები