მეღვინეობა “ასკანელი” საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირებაზე მუშაობს. ამის შესახებ, “ანალიტიკას” ეთერში კომპანიის დირექტორი, ირაკლი უგლავა საუბრობს და აღნიშნავს, რომ საექსპორტო პორტფელის ზრდის განსაკუთრებულ საჭიროებას რუსული ბაზრის არასტაბილურობა განაპირობებს.
“ველოდებით, რომ რუსულ ბაზარზე ალკოჰოლურ სასმელზე აქციზის ფასი 1 მაისიდან გაიზრდება - ამ გადაწყვეტილებიდან და, ზოგადად, ისტორიულად რუსული გადაწყვეტილებებიდან გამომდინარე, კომპანია ბაზრის დივერსიფიცირებას ცდილობს.
ჩვენი საექსპორტო პორტფელი 27 ქვეყანას მოიცავს, საიდანაც 5 ქვეყანა 2023 წელს დავამატეთ. მათ შორის არის ქვეყნები, რომლებიც არასდროს ყოფილან ჩვენი კომპანიის, თუ სხვა ქართული კომპანიების პორტფელში. შარშან გავედით შვეიცარიაში, ბრაზილიაში, ტაილანდში, იაპონიაში და თურქმენეთში”, - ამბობს ირაკლი უგლავა.
“ასკანელის” დირექტორი აღნიშნავს, რომ სხვადასხვა ბაზარზე მოთხოვნა განსხვავებულ პროდუქტზეა, კომპანიისთვის განსაკუთრებულად საინტერესო ბაზარი კი იაპონიაა.
“ძალიან საინტერესო ბაზარია იაპონია, მოთხოვნადი უფრო პრემიალური და მაღალი ხარისხის ღვინოებია, ქვევრის ან ცქრიალა. მომხმარებელი შეძლებულია, ძირითადი მოთხოვნა კი პროდუქციის ხარისხია. გვყავს სამი პარტნიორი, მათ შორის ერთ-ერთი საკმაოდ დიდ ქსელის მფლობელი, რომელმაც 300-ზე მეტ სავაჭრო წერტილში განათავსა ჩვენი ღვინოები. გვქონდა პირველი გადატვირთვა შარშან და წელსაც უკვე მოვასწარით ერთი პარტიის გაგზავნა”, - აცხადებს უგლავა.
იგი განმარტავს, რომ საექსპორტო ბაზრებზე ღვინის რეალიზაციისთვის ქვეყნის ცნობადობის ზრდაც მნიშვნელოვანია.
“ქვეყნის ცნობადობა გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ხარისხი, რადგან სანამ მომხმარებელი შენს ღვინომდე მივა და გასინჯავს, მას გარკვეული წარმოდგენა უნდა ჰქონდეს, რომელი ქვეყნის წარმოებულ პროდუქტს ყიდულობს, ეს გავლენას ახდენს მის არჩევანზე. შეიძლება, სულ არ იცნობდე რომელიმე ფრანგ მწარმოებელს, მაგრამ ფრანგულ ღვინოს, როგორც ხარისხიან პროდუქტს, მაინც ყიდულობ.
ამ კუთხით ბევრი სამუშაო გვაქვს, თუმცა ბევრი სახელმწიფო პროგრამა უკვე არსებობს, მათ შორი, ღვინის ეროვნულ სააგენტოს აქვს გაწერილი სტრატეგიული ბაზრები, სადაც გვაქვს მარკეტინგული აქტივობები, რაც ცნობადობას ზრდის. ახალი ბაზრების გახსნაში მხარდაჭერის წილი ძალიან დიდია, მარტო ძალიან ძნელია. ქართული კომპანიები არ ვართ იმ მასშტაბის, რომ ამხელა ბაზრებზე თავი დამოუკიდებლად წარმოვადგინოთ”, - აღნიშნავს “ასკანელის” დირექტორი.
ირაკლი უგლავა ასევე აღნიშნავს, რომ ქართული ნიშა უცხოეთის ბაზარზე ქვევრის ღვინოა, თუმცა დარგი ორი ათწლეული განმავლობაში იმდენად განვითარდა, რომ გარკვეული ხარისხი მას ისედაც აქვს შენარჩუნებული და ღვინის ეროვნული სააგენტოც მაქსიმალურადაა ჩართული ექსპორტის პროცესში, რის გამოც ქვეყნიდან მაქსიმალურად ხარისხიანი პროდუქტი გადის.