მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კომპანიები ცდილობენ, რუსეთში ღვინის წლიური ექსპორტის 80-90% მაისამდე გაიტანონ - “ასკანელი"

ასკანელი

ღვინის მწარმოებელი კომპანია "ასკანელის" დირექტორი თვლის, რომ რუსეთის მიერ ღვინის იმპორტზე გადასახადს ზრდა ქართველი მეღვინეებისთვის მოულოდნელი არ არის და დარგს უფრო მძიმე გადაწყვეტილებებიც ახსოვს. ამის შესახებ ირაკლი უგლავამ გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ "რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა ასოციაცია", NATO-ს ქვეყნებიდან რუსეთში იმპორტირებულ ღვინოზე 200%-იანი გადასახადი დაწესებას ითხოვს. რუსი მეღვინეები თავიანთ ხელისუფლებას რუსეთში გასულ ქართულ ღვინოზე ნულოვანი გადასახადის საკითხის გადახედვასაც ითხოვენ.

"ასკანელის" დირექტორის შეფასებით, რუსეთის მხრიდან რამდენიმე წლის წინ ქართული ღვინის მიმართ ამოქმედებულმა შეზღუდვებმა დარგი უფრო გააძლიერა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება იმ დროისთვის რთული იყო.

“გვახსოვს 2006 წლის ემბარგო, რომელმაც, სხვათა შორის, საყოველთაო აზრით, უფრო დადებითი გავლენა მოახდინა, ვიდრე - უარყოფითი. გაუმჯობესდა პროდუქტის ხარისხი, მოხდა ბაზრების დივერსიფიკაცია..

რა თქმა უნდა, ძალიან რთული იყო რუსული ბაზრის ჩანაცვლება, თუმცა დღეს დარგი აბსოლუტურად სხვა ეტაპზეა, ვიდრე 2006 წელს იყო. კომპანიების შესაძლებლობები, ტექნიკური აღჭურვილობა, პროდუქტის ხარისხი, კადრების კვალიფიკაცია და ბაზრების დივერსიფიცირებაც, აბსოლუტურად სხვა ეტაპზეა”, - განმარტავს ირაკლი უგლავა.

“ასკანელის” დირექტორი განმარტავს, რომ ვიდრე ღვინის იმპორტზე 200%-იანი გადასახადის დაწესებაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ცნობილია, რომ რუსეთი მაისიდან ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთს, მათ შორის ქართული ღვინისთვისაც გაზრდის.

“ჩვენ შემთხვევაში, არც ვიცით, რა ცვლილებებს უნდა ველოდოთ, გარდა იმისა, რომ 1 მაისიდან სააქციზო გადასახადი მოიმატებს, გასამმაგდება. ცქრიალა ღვინის შემთხვევაში, ლიტრზე 47 რუბლიდან 141 რუბლამდე, მშრალ ღვინოებზე კი - 34 რუბლიდან 108 რუბლამდე იზრდება. ეს ცვლილება დახლებზე თითო ბოთლზე 50-70 ცენტის სხვაობას მოიტანს”, - ამბობს უგლავა.

იგი ასევე განმარტავს, რომ მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში ქართული ღვინის ექსპორტში რუსეთის ბაზრის წილის ზრდა სწორედ ამ ცვლილებითაა გამოწვეული. თუ 2023 წელს რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 66% იყო, იანვარ-თებერვალში ის 80%-მდე გაიზარდა.

“ეს არ ნიშნავს, რომ ასეთი დინამიკა გვაქვს. პანდემიამდე ჩვენს ექსპორტში რუსული ბაზრის წილი ნელ-ნელა მცირდებოდა. შემდეგ, რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე, არამეგობრული ქვეყნებისთვის გადასახადის დაწესებამ რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქტის წილის ზრდა ისევ გამოიწვია. სინამდვილეში, დინამიკა 65-68%-ის ფარგლებშია.

ჩვენი პარტნიორები ცდილობენ, მაისამდე გაიტანონ ღვინის წლიური ექსპორტის 80-90%, რათა დახლზე ფასის ცვლილება ძალიან მკვეთრი არ იყოს. მოსალოდნელია, რომ ეს ცვლილებები სექტემბრისთვის სრულად აისახება და მაშინ უკვე გამოჩნდება, როგორ შეიცვლება მომხმარებლის ქცევა.

ვიცით, რომ აქციზის განაკვეთის ზრდა მოხმარებას შეამცირებს, რადგან დაბალფასიან ღვინოებზე, რაც მასიური მოხმარების საგანია, ფასის 20%-იან ცვლილებას გამოიწვევს. იმედი გვაქვს, რომ შევინარჩუნებთ იმ მოცულობებს რაც გვაქვს, გაყიდვების ზრდა კი, სავარაუდოდ, შეჩერდება”, - განმარტავს ირაკლი უგლავა.

ცნობისთვის, რუსეთში იმპორტირებული ალკოჰოლური სასმლის ზოგიერთ სახეობაზე, მათ შორის, ღვინოზე, აქციზის ზრდა მომდევნო წლებშიც გაგრძელდება. მაისიდან აქციზის გადასახადი ლიტრზე 108 რუბლს მიაღწევს. 2025 წლიდან ის 112 რუბლი, 2026 წლიდან კი - 116 რუბლი გახდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები