„ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელი დირექტორი, გიორგი მშვიდობაძე მიიჩნევს, რომ ქართველი მეღვინეების მიერ რუსეთის ბაზართან დაშორებაზე უფრო მისაღები ახალი პარტნიორების და ბაზრების ძიება იქნებოდა, თუნდაც რუსეთის ბაზრის შენარჩუნებით. ამის შესახებ მან ვრცლად BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. აღსანიშნია, რომ თავად „ქართული ღვინის ჯგუფი“, რომელიც „ვაზისუბნის მამულს“, ვარძიის ტერასებსა“ და „როიალ ხვანჭკარას“ აერთიანებს, რუსეთში ექსპორტს არ ახორციელებს. როგორც გიორგი მშვიდობაძე აღნიშნავს, რუსეთის ბაზარზე ქართულ ღვინოს ნაკლები მარკეტინგი სჭირდება, თუმცა იქ სარეალიზაციო ფასიც დაბალია.
„დღეის მდგომარეობით, მარკეტინგული კუთხით რუსეთში პროდუქციის რეალიზაციას ნაკლები ძალისხმევა სჭირდება, ვინაიდან იქ ცნობადობა მაღალია. ის კომპანიები, რომლებიც რუსეთში თავს კომფორტულად გრძნობენ და წარმატებით ახორციელებენ ექსპორტს, რა თქმა უნდა, აქტივობას გააგრძელებენ. თუმცა, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს კომპანიები პარალელურად, ბაზრების დივერსიფიკაციას ცდილობენ და ეძებენ ისეთ ქვეყნებს, სადაც ქართულ ღვინოს მეტი სარეალიზაციო ფასი შეიძლება ჰქონდეს. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ მიზანმიმართულად გამოვიყენებთ ბაზრების დივერსიფიცირების მიდგომას, შესაძლებელია, პარალელურ რეჟიმში შევინარჩუნოთ არსებული რაოდენობა რუსეთში, ოღონდ იმ სურვილით, რომ საშუალო სარეალიზაციო ფასი გაიზარდოს, რათა რუსეთში იაფფასიანი ღვინის იმიჯი არ გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ.
აღსანიშნია, რომ ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.89 დოლარი იყო, რაც გიორგი მშვიდობაძის თქმით, დაბალ საფასო კატეგორიად განიხილება.
როგორც მეღვინე ამბობს, „ქართული ღვინის ჯგუფისთვის“ რაოდენობაზე მეტად პრიორიტეტული მათ მიერ გაყიდული ღვინის საშუალო შეწონილი ფასია,- „ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ ჩვენი საექსპორტო ღვინის საშუალო შეწონილი ფასი 6 დოლარი იყოს“, - აღნიშნა გიორგი მშვიდობაძემ.
ცნობისთვის, 2023 წელს რუსეთში ღვინის ექსპორტი 5%-ით გაიზარდა და 168 მლნ დოლარი შეადგინა. რუსეთის ბაზარს საქართველოს ღვინის ექსპორტში 65% უჭირავს, რაც 2005 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.