მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იმისთვის, რომ ამერიკის ბაზარზე ადგილი დავიმკვიდროთ, მხოლოდ გამოფენები არ კმარა“ – „ნათენაძის ღვინის მარანი“

64b69f8693433
სალომე ხიდურელი
18.07.23 21:00
504
წელს ქართული ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, საზღვარგარეთ მარკეტინგული ღონისძიებებისთვის ქვეყნის ბიუჯეტიდან 14 მლნ დოლარი გამოიყო. აღნიშნული მაჩვენებელი გასული წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 2 მლნ-ით აღემატება. რამდენად საკმარისია ეს სახსრები უცხოეთში, განსაკუთრებით კი აშშ-ში, ქართულ ღვინოზე ცნობადობის ზრდისთვის, BMGTV-ს გადაცემა „საქმის კურსში“ „ნათენაძეს ღვინის მარნის“ დამფუძნებელმა გიორგი ნათენაძემ ისაუბრა.

„როგორც ვაკვირდებით, მარკეტინგული ღონისძიებებისთვის თანხა ყოველწლიურად მატულობს, განსაკუთრებით ამერიკაში. ვფიქრობ, მაინც ცოტაა ბიუჯეტი, რადგან ამერიკა ძალიან დიდი ბაზარია, ძალიან დიდი კონკურენციაა და ჯერ კიდევ არ იცნობენ ქართულ ღვინოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ თვითონ ამერიკა, კალიფორნია, საკმაო რაოდენობის ღვინოს აწარმოებს და არგენტინიდანაც ძალიან ბევრი იაფფასიანი ღვინო შედის“, - ამბობს ნათენაძე.

მისი განმარტებით, იმისთვის, რომ ქართულმა ღვინომ აშშ-ს ბაზარზე თავი დაიმკვიდროს, მხოლოდ მარკეტინგული ღონისძიებები საკმარისი არ არის და საჭიროა, საფრანგეთისა და ჩინეთის მაგალითზე, ღვინის მუზეუმი გაიხსნას.

„იმისთვის, რომ ჩვენ ამერიკის ბაზარზე ადგილი დავიმკვიდროთ, მხოლოდ მარკეტინგული ღონისძიებები არ კმარა. ამერიკის ბაზარი საკმაოდ დიდია და ღვინის სიყვარული მაღალ დონეზეა, აქვთ სმის კულტურა და მათთვის ინფორმაციის მიწოდებაა საჭირო - მხოლოდ გამოფენებით ინფორმაცია არ მიეწოდებათ. ვფიქრობ, აუცილებლად უნდა გაკეთდეს ღვინის მუზეუმი, ისეთი როგორიც გაკეთდა საფრანგეთში და ჩინეთში, რომ ამერიკამ დაინახოს, გაიგოს და დაიმახსოვროს, რომ საქართველო ღვინის აკვანია და ღვინის 8 000-წლოვანი ისტორია აქვს“, - ამბობს გიორგი ნათენაძე.

როგორც მეღვინე BMG-ს ეთერში აღნიშნავს, გარდა მარკეტინგული ღონისძიებებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტისა, მცირე მარნებსა და მეღვინეებს ხელშეწყობა გამოფენებში მონაწილეობის დაფინანსების მხრივაც სჭირდებათ.

„ქართულ ღვინოზე ცნობადობა გაზრდილია. ადრე თუ ამერიკიდან 1 იმპორტიორი მყავდა, ახლა 5 მყავს სხვადასხვა შტატიდან და ასეთი ქართული კომპანია ბევრია. მცირე მარნებზეცაა მოთხოვნა გაზრდილი, უბრალოდ, გამოფენებზე როდესაც მივდივართ, ეს არის ძირითადად ნიუ-იორკსა და კალიფორნიაში, რაც მცირე მარნებს საკმაოდ ძვირი უჯდებათ. სახელმწიფომ ძირითადი თანხების დაფარვა რომ მოახერხოს, ძალიან მნიშვნელოვანია“, - ამბობს ნათენაძე.

მისი თქმით, გარდა ამერიკის ბაზრისა, ქართული ღვინისათვის საინტერესო კანადის, იაპონიისა და ჩინეთის ბაზრებიცაა, ყველაზე დიდი პოპულარობით კი თეთრი და ქარვისფერი ქვევრის ღვინოები სარგებლობენ.

ცნობისთვის, 2023 წლის პირველ 5 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ამერიკაში ღვინის ექსპორტი შემცირდა და 293 ათასი ლიტრი ღვინის ჯამურმა ღირებულებამ, დაახლოებით, $1.9 მლნ შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები