მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენთვის პრიორიტეტულია, ჩვენი საექსპორტო ღვინის საშუალო შეწონილი ფასი $6 იყოს" - „ქართული ღვინის ჯგუფი"

გიორგი მშვიდობაძე

„ქართული ღვინის ჯგუფმა“, რომელიც "ვაზისუბნის მამულს“, "ვარძიის ტერასებსა“ და „როიალ ხვანჭკარას“ აერთიანებს, გასულ წელს საექსპორტო არეალი გააფართოვა და ღვინის გაყიდვა ისეთ ბაზრებზეც დაიწყო, როგორიცაა ესპანეთი, ბრაზილია და სამხრეთ კორეა. როგორც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მშვიდობაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ინდუსტრიისთვის 2023 წელი რთული იყო, „ქართული ღვინის ჯგუფმა“ წელი ოპერაციულ ნაწილში წარმატებით დაასრულა.

„რამდენიმე საექსპორტო ბაზარი დავიმატეთ, რაც ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა. მაგალითად, ესპანეთი, ბრაზილია, სამხრეთ კორეა; ამ გეოგრაფიის გაფართოებას ვცდილობთ. ჩვენი ფოკუსი მიმართულია იმ პოტენციური საექსპორტო ბაზრებისკენ, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენი საფასო სეგმენტის პროდუქცია გავყიდოთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ არ ვართ მასობრივი მწარმოებელი და გვაქვს ტერუარული და საავტორო ღვინის წარმოების ამბიცია“, - აღნიშნა გიორგი მშვიდობაძემ და დასძინა, რომ რაოდენობრივად სხვადასხვა ქვეყანაში კომპანიამ 150 000-მდე ბოთლის ექსპორტი განახორციელა.

მისივე თქმით, „ქართული ღვინის ჯგუფისთვის“ რაოდენობაზე მეტად პრიორიტეტული, მათ მიერ გაყიდული ღვინის საშუალო შეწონილი ფასია,- „ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ საშუალო შეწონილი ფასი ჩვენი საექსპორტო ღვინის 6 დოლარი იყოს. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, რომ საქართველოდან მთლიანად 120 მლნ-მდე ბოთლი გაიყიდა და მისი საშუალო შეწონილი ფასი არის 2. 12 დოლარი და ვფიქრობთ რომ სწორი გზით მივდივართ და მეტი ძალისხმევა იმისათვის, რომ მართლაც ხარისხიანი და შესაფერისი, ჩვენთვის მისაღებ ფასად გაიყიდოს პროდუქცია“.

რაც შეეხება გასული წლის გამოწვევებს, გიორგი მშვიდობაძემ აღნიშნა, რომ სეტყვამ და უხვმა ნალექმა 2023 წელს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მევენახეებს და მეღვინეებს.

„ამან გამოიწვია არამხოლოდ მოსავლის შემცირება, არამედ ხარისხობრივი თვალსაზრისითაც პრობლემები შეექმნათ მევენახეებს და შემდეგ მეღვინეებს. ამ შემთხვევაში ჩვენც დავზარალდით, მოსავლის 40% დავკარგეთ და იძულებული გავხდით, რომ ოპერატიულად შეგვეძინა სეტყვის დამცავი ბადეები. ეს ძალიან ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ, როდესაც სეტყვის საწინააღმდეგო სისტემები არასათანადოდ ეფექტურია, იძულებული ხდები, რომ თავად დაიწყო ამაზე ზრუნვა“, - განაცხადა „ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია "ქართული ღვინის ჯგუფი" 70 ჰა-მდე ფართობის ვენახებს ფლობს რაჭაში, კახეთსა და ვარძიაში. კომპანია ჯამში 45 დასახელების ღვინოს აწარმოებს და ექსპორტს 20-მდე ქვეყანაში ახორციელებს. მათ შორისაა: ამერიკა, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი და ა.შ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები