“რუსეთში ექსპორტი ქართული ღვინის ხარისხზე პირდაპირ მოქმედებს” - ამის შესახებ BMG-ის “ვაზისუბნის მამულის” გაყიდვების დირექტორი, გიორგი ოქროაშვილი ესაუბრა. მისი თქმით, დაბალი საექსპორტო ფასით რუსეთში ღვინის გაყიდვა ქართული წარმოებისათვის ავტომატურად ნიშნავს დაბალ ხარისხსაც.
“ზოგადად, ძალიან რთულია, როდესაც ხარისხიან ღვინოს აკეთებ, მისი რეალიზება $2-ად, $1.5-ად მოახდინო. ჩვენ ამ საფასო სეგმენტში ვერ ჩავდივართ, რადგან რომ ჩავიდეთ, ხარისხი აუცილებლად უნდა დავთმოთ.
როცა ქართული ღვინის 60% რუსეთში, დაახლოებით, ამ ფასად გადის, ეს აპრიორი ნიშნავს იმას, რომ ხარისხი არის დაბალი. როდესაც ქარხნები ყიდულობენ ყურძენს, თუ მას უნდა რომ ბევრი ღვინო დაამზადოს და გაყიდოს რუსეთში, ყურძენსაც არასათანადოს ყიდულობს და, რა თქმა უნდა, ხარისხი ეცემა და ბიზნესი სხვა რამეზე ხდება ორიენტირებული. საბედნიეროდ, ჩვენ ამ ბიზნესების რიცხვს არ მივეკუთვნებით”, - ამბობს გიორგი ოქროაშვილი.
ცნობისთვის, რუსეთი ქართული ღვინის საექსპორტო ქვეყნებს შორის პირველ ადგილს იკავებს. ბოლო მონაცემებით, რუსეთის წილი ქართული ღვინის ექსპორტში 66.2%-ს შეადგენს. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოდან რუსეთში 112 მილიონ 112 ათასი დოლარის ღირებულების 41 357 ტონა ღვინო გავიდა.
“ვაზისუბნის მამული” 15-მდე დასახელების პრემიუმ ხარისხის ღვინოს, მათ შორის ტრადიციულ ქვევრისა და კლასიკურ ბოთლის ღვინოებს აწარმოებს. “ვაზისუბნის მამული” ასევე Georgian Sun-ის ქვებრენდითაც ოპერირებს, რომლის ფარგლებშიც ექსპერიმენტულ ღვინოებს ბაზარზე ხელმისაწვდომ ფასად ყიდის.
“ვაზისუბნის მამულის” ღვინოების ექსპორტზე ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-მდე ქვეყანაში გადის.