საქართველოს საგარეო ვაჭრობაში რუსეთის ფედერაცია კვლავ ერთ-ერთ მთავარ პარტნიორად რჩება და იანვარ-აგვისტოს მონაცემებით საექსპორტო ბაზრებს შორის მესამეა 500.6 მლნ აშშ დოლარით. განსაკუთრებულად დიდი წილი მოდის აგროსექტორისა და სასმელების ექსპორტის მიმართულებით, რომელიც ათეულს სრულად იკავებს.
საანგარიშო პერიოდში რუსულ ბაზარზე ექსპორტირებული ძირითადი საკვები და სასმელი პროდუქციის TOP-10 ჩამონათვალი ასე გამოიყურება:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 102.1 მლნ აშშ დოლარის 34 898 ტონა;
- სპირტიანი სასმელები და ეთილის სპირტი - 79.6 მლნ აშშ დოლარის 17 370 ტონა;
- ახალი ნაყოფები (ხილი) - 59.3 მლნ აშშ დოლარის 9 523 ტონა;
- მინერალური და მტკნარი წყლები - 55.7 მლნ აშშ დოლარის 100 741 ტონა;
- დამზადებული ან დაკონსერვებული ნაყოფი და მცენარის ნაწილები - 43.9 მლნ აშშ დოლარის 4 791 ტონა;
- ტკბილი/დაგაზიანებული წყლები და სასმელები - 32.5 მლნ აშშ დოლარის 34 176 ტონა;
- ახალი გარგარი, ალუბალი, ატამი, ქლიავი და ღოღნოშო - 28.1 მლნ აშშ დოლარის 21 499 ტონა;
- ხორცის, თევზის ან კიბოსნაირების ფქვილი და გრანულები - 12.9 მლნ აშშ დოლარის 5 681 ტონა;
- სასმელების კონცენტრანტები - 11.7 მლნ აშშ დოლარის 778 ტონა;
- ახალი ვაშლი, მსხალი და კომში - 10.9 მლნ აშშ დოლარის 14 385 ტონა.
შეგახსენებთ, რუსეთმა ქართული წარმოების ღვინის და არაალკოჰოლური სასმლის ნაწილის იმპორტი დროებით შეზღუდა. რუსული მედიის თანახმად, რუსეთის მარეგულირებელმა გამოავლინა გაყიდვისთვის აკრძალული სასმელები, რომლებიც არ შეესაბამება დადგენილ მოთხოვნებს ორგანოლეპტიკური, ფიზიკურ-ქიმიური და უსაფრთხოების მაჩვენებლების მიხედვით. RBC წერს, რომ აკრძალვა შეეხო შემდეგ პროდუქტებს:
- „თელიანის ველის“ წარმოების ღვინო;
- „თბილღვინოს“ წარმოების ღვინო;
- „ასკანელი ძმების“ წარმოების ღვინო და კონიაკი;
- „ვაინმენის“ წარმოების ღვინო;
- „საქართველოს ლუდის კომპანიის“ წარმოების ლუდი;
- საქართველოში წარმოებული გაზიანი უალკოჰოლო სასმელი - Coca-Cola;
- „ჰელსი უოთერის“ მიერ წარმოებული მინერალური წყალი „ნაბეღლავი“.
"იმედი გვაქვს, ეს გადაწყვეტილება შეიცვლება" | პრემიერი რუსულ ემბარგოზე
"ჩვენი ბიზნესი რუსეთში "კოკა-კოლას" ექსპორტი არ არის" | ინტერვიუ თემურ ჭყონიასთან
























