მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დაახლოებით 250 მლნ ბოთლი ღვინის ექსპორტის პოტენციალი გვაქვს“ - რა ნაბიჯების გადადგმაა ამისთვის საჭირო?

გიორგი მშვიდობაძე

„ჩვენ დაახლოებით 250 მლნ ბოთლის ექსპორტის პოტენციალი გვაქვს უახლოეს ათ წელიწადში“, - ამის შესახებ „ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, გიორგი მშვიდობაძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა და პოტენციალი რიცხვებით განმარტა.

„დღეს, მსოფლიოში დაახლოებით 25 მლრდ პირობითი ბოთლის (0,75) მოხმარება ფიქსირდება. საქართველო 120 მლნ ბოთლის ექსპორტს ახორციელებს. ჩვენი რესურსებიდან, ვენახის ფართობიდან და მოსავლიანობიდან გამომდინარე, დაახლოებით 250 მლნ ბოთლის ექსპორტის პოტენციალი გვაქვს უახლოეს ათ წელიწადში. ეს ღვინის გლობალური მოხმარების 0.001%-ია. სწორი მოქმედების პირობებში, ეს აბსოლუტურად მიღწევადი რიცხვია, არამხოლოდ რაოდენობის თვალსაზრისით, არამედ ღირსეულ ფასად გაყიდვის კუთხითაც, თუ ბაზრების სწორ დივერსიფიკაციას გავაკეთებთ.

თუ დღეს ღვინის ექსპორტიდან მიღებული შემოსავალი 259 მლნ დოლარია, იმ სიტუაციაში დაახლოებით $1 მლრდ-იანი შემოსავალი იქნება; და თუ დღეს ქვეყნის მთლიან ექსპორტში ღვინოზე დაახლოებით 4.5% მოდის, თავისუფლად შეიძლება ამ რიცხვის 15%-მდე და მეტ მაჩვენებლამდე გაზრდაც“, - განმარტა „ქართული ღვინის ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, რომელიც „ვაზისუბნის მამულს“, ვარძიის ტერასებსა“ და „როიალ ხვანჭკარას“ აერთიანებს.

ხოლო კითხვაზე - რა უნდა გააკეთოს ქვეყანამ, მათ შორის ბიზნესმა და სახელმწიფომ ამისთვის - გიორგი მშვიდობაძემ რამდენიმე მიმართულება დაასახელა.

„ინდუსტრიამ ძალისხმევა უნდა გასწიოს, რომ პრიორიტეტულ ბაზრებზე წარმომადგენლობა მაქსიმალურად გაზარდოს და ეს შეუძლებელია ხარისხის გაუმჯობესების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ამ მხრივ პროგრესი გვაქვს, ეს მაინც რჩება პრობლემად და ხარისხი მეტი ყურადღების მიქცევას საჭიროებს.

მეორე - რა თქმა უნდა, სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, კერძო სექტორს ცნობადობის გაზრდის კუთხით არ შეუძლია მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინოს, და ჩემი აზრით, 10-15-წლიანი პროგრამა უნდა გაიწეროს, რომელსაც შეაჯერებენ და დააბალანსებენ ექსპერტები.

ამას გარდა, არის ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: დღეს იცვლება მომხმარებლის გემოვნებაც. მსოფლიოს ტრენდია, რომ უფრო პოპულარული ხდება არამძიმე ღვინოები, უფრო მეტი ბუკეტით... ამის მიღწევა აბსოლუტურად შესაძლებელია ჩვენი უნიკალური ჯიშების საფუძველზე... ეს ტრენდიც უნდა გავიზიაროთ.

ასევე, როდესაც საუბარია სახელმწიფო პროგრამებზე, მეტი ყურადღება და დახმარება უნდა გაეწიოს ბიო და ბიოდინამიური მიმართულების მეღვინეებს, ვინაიდან ისინი უფრო მეტ რისკიან ზონაში ოპერირებენ, ვინაიდან ისინი შეზღუდულები არიან როგორც ტექნიკურად, ასევე კომპონენტების გამოყენების თვალსაზრისით. შეიძლება ისე მოხდეს, რომ სრულიად დაკარგო მოსავალი იმის გამო, რომ რაღაც დაავადება გაჩნდა და შენ შეზღუდული ხარ ვენახის მოვლის პრეპარატების გამოყენებაში...“, - განაცხადა გიორგი მშვიდობაძემ.

ცნობისთვის, საქართველომ გასულ წელს ღვინის ექსპორტით 259 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელს მცირედით, 2.6%-ით აღემატება. შედეგად, მთლიან ექსპორტში ყურძნის ნატურალური ღვინოების წილმა 4.3% შეადგინა და ამ დასახელების საქონელი ექსპორტირებული საქონლის რეიტინგში მეოთხე ადგილი დაიკავა.

ექსპორტის ღირებულების მცირედი ზრდის მიუხედავად, ქვეყნის საზღვრებს გარეთ გატანილი ღვინის მოცულობა 11.9%-ით შემცირდა, რაც იმის თქმის საშუალებას იძლევა, რომ გასულ წელს ექსპორტირებული ღვინის ღირებულება გაიზარდა. 2023 წელს ღვინის საშუალო ფასი 41 ცენტით არის გაზრდილი, თუ 2022 წელს ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2.48 დოლარი იყო, 2023 წელს ფასი 2.89 დოლარამდე გაიზარდა. საექსპორტო ფასი ბოლო წლებში შემცირებულია. მაგალითად, 2018 წელს საშუალო ფასი 3.14 დოლარი იყო. ჯამში 2023 წელს საქართველოდან სხვადასხვა ქვეყანაში 89 509 ტონა ღვინო გაიყიდა, მაშინ როდესაც 2022 წელს ეს მაჩვენებელი 101 662 ტონას შეადგენდა.

ქართული ღვინის მთავარი საექსპორტო ბაზარი, ტრადიციულად რუსეთი იყო, რომელზეც ღვინის რეალიზების 65.3% მოდიოდა. საექსპორტო მიმართულებას შორის კი რუსეთის შემდეგ პოლონეთი, უკრაინა, ჩინეთი და ყაზახეთია. ამასთან ღვინის სარეალიზაციო ბაზრებს შორის არის აშშ, გერმანია, ლატვია და ლიეტუვაც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები