“ღვინის ეროვნული სააგენტო” 2024 წელს მარკეტინგულ კამპანიებზე 16 მილიონ ლარს დახარჯავს, საიდანაც 1,5 მილიონი ქვეყნის შიგნით ღვინის ფესტივალების, დეგუსტაციების და სხვა ღონისძიებების ხარჯების თანადაფინანსებას მოხმარდება, ბიუჯეტის დიდი ნაწილი კი სტრატეგიული სამიზნე ბაზრების ათვისებასა და დასავლეთისა და აზიის ქვეყნებში ქართულ ღვინოზე პოპულარიზაციის ზრდისთვის დაიხარჯება.
რომელ ქვეყნებზე უნდა გააკეთოს ღვინის სააგენტომ აქცენტი და რა სჭირდება ღვინის ადგილობრივ ბაზარს განვითარებისთვის - ამ საკითხებზე BMGTV-ის ეთერში მეღვინე, სომელიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, შალვა ხეცურიანი საუბრობს. მისი თქმით, ქართული ღვინისათვის მთავარი საექსპორტო ბაზარი პოსტსაბჭოთა ქვეყნებია, რაც ქვეყნის ისტორიიდან გამომდინარეობს.
“ჯერჯერობით ღვინის ექსპორტში რუსეთისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების წილი ძალიან დიდია და ჩემი აზრით, ეს, თუ ემბარგო არ განმეორდა ასევე შენარჩუნდება. ამ ქვეყნებში ქართული ღვინის პოპულარობა და სიყვარული 200-წლოვანი მარკეტინგის ნაწილია, თუმცა არსებობს გამოთქმა: “გემოვნების აღზრდა” და ამ ნაწილში ეს ბაზარი ერთ-ერთი ყველაზე ჩამორჩენილია.
ეს მეტყველებს იმაზე, რომ მარკეტინგს ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ღვინოს სჭირდება თავისი გემოვნება და აქცენტი ყოველთვის უფრო მნიშვნელოვან ბაზრებზე უნდა გვქონდეს - სწორედ ესაა ჩვენი მიზანი. თუმცა მეორე საკითხია, რომ ამ ქვეყნებში მეტი კონკურენციაა და ჩვენი ღვინო გადაჭარბებულად არ უნდა შევაფასოთ”, - ამბობს შალვა ხეცურიანი.
მისივე თქმით, უცხოეთის ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი ქვეყნის შიგნით ამ სტრუქტურის მოწესრიგება და შეცვლაა. ხეცურიანი აღნიშნავს, რომ “პერსონალური” ღვინის წარმოებიდან საქართველო გეოგრაფიულ ადგილზე კონცენტრირებული ღვინის წარმოებაზე უნდა გადავიდეს.
“როდესაც ბორდოში ყიდულობთ “პოიკას”, ყოველთვის გასაგებია, ფასის მიუხედავად, რა ხარისხს მიიღებ. ჩვენც უნდა გავაჩინოთ ნდობა კონკრეტული ადგილწარმოშობებზე მიმართ. ღვინო ადგილის პროდუქტია და არა საავტორო, ის ბუნებისა და ადამიანების შერწყმაა და მხოლოდ საავტორო ღვინის ქვეყნად თუ დავრჩით - ეს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებისთვის საკმარისი არაა. გვჭირდება კონკრეტული ადგილების გარშემო გაერთიანება და გვაქვს ბევრი ასეთი ცნობილი ადგილი - მუკუზანისა და წინანდლის მიკროზონები და ა.შ.” - ამბობს შალვა ხეცურიანი.
სომელიე იმასაც აღნიშნავს, რომ ღვინის განვითარებისთვის ადგილობრივი მომხმარებლის გემოვნების დახვეწა და თამასის ზრდაცაა.