მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენთან, მეღვინეობაში, ორი სამყარო არსებობს - პოსტსაბჭოთა ქვეყნები და დასავლეთი" - შალვა ხეცურიანი

სომელიე

საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, მსოფლიოს მასშტაბით უკვე აქვს მოპოვებული აღიარება, თუმცა აუცილებელია, ღვინის რუკაზე ჩვენი პროდუქტითაც აღმოგვაჩინონ - ამის შესახებ BMGDrive-ის ეთერში "საქართველოს სომელიეთა ასოციაციის" პრეზიდენტი, შალვა ხეცურიანი საუბრობს.

ხეცურიანის განმარტებით, რამდენიმე წლის წინ ღვინის ეროვნული სააგენტოს მაშინდელი თავმჯდომარის იდეამ, საქართველოში ღვინის დაბადების დასადასტურებლად კვლევა ჩატარებულიყო, სასურველი შედეგი გამოიღო.

"რასაც ჩვენ ვფლობთ, ეს არის ძალიან კარგი პოზიციონირება, როგორც ღვინის სამშობლოდ, რაც ფაქტობრივად ერთი ადამიანის იდეის გარშემო გაერთიანებული ჯგუფის პროდუქტია. ეს იყო ღვინის სააგენტოს მაშინდელი თავმჯდომარე, ლევან დავითაშვილი, რომლის თავშიც გაჩნდა იდეა, გაგვეკეთებინა კვლევა, რომელიც მართლაც მეცნიერულად დაადასტურებდა, რომ სწორედ თანამედროვე საქართველოს ტერიტორიაზეა ნაპოვნი პირველი მატერიალური კვალი იმისა, რომ აქ დაიბადა პირველი ღვინო. ამას რამდენიმე წელი დასჭირდა, ჩართული იყო უამრავი მხარე და შედეგი ის იყო, რომ ბორდოში, ღვინის ყველაზე დიდ მუზეუმში, შემაჯამებელ ღონისძიებაზე ფრანგებმა აღიარეს, რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო", - აღნიშნავს სომალიე.

ხეცურიანი აღნიშნავს, რომ ღვინის გლობალურ ინდუსტრიაში თავის დამკვიდრება თავად პროდუქტითაც უნდა მოხდეს, თუმცა ამ შემთხვევაში ქართულ მეღვინეობაში ორი სამყარო არსებობს - პოსტსაბჭოთა ქვეყნების და დასავლეთის.

"მეორე ამბავია ღვინის რუკაზე უკვე ღვინით წარმოჩენა - დღეს ექსპორტის დიდი ნაწილით პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ვართ წარმოდგენილი და, პირველ რიგში, ეს არის რუსეთი, სადაც ჩვენი ღვინის ⅔ გადის. ჩვენ გვესმის, ეს რა ქვეყანაა, რა რისკებს ატარებს და მომავალშიც გაატარებს, თუმცა ესაა მოცემულობა. თითქოს ჩვენთან მეღვინეობაში ორი სამყარო არსებობს - პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ჩვენი დღევანდელი ღვინის გაყიდვები მოდის ბაზრებზე, რომლებზეც კარგად ესმით ჩვენი ტრადიციული ჯიშები.

მეორე სამყარო ეს არის ჩვენთვის ახალი, თუმცა ამ ღვინის კატეგორიისთვის ყველაზე ძველი, და სწორედ ამიტომ გვეძახიან იქ ღვინის სამშობლოს. ეს ბაზარი ძალიან სწრაფად იზრდება. ორივეში გვაქვს გამოწვევებიც და მიღწევებიც. თუ ჩვენ დღეს, ამ 200-წლიანი საშინელი იმპერიის შიგნით ყოფნის დროს, მოვიპოვეთ ეს ცნობადობა, ახლა ნელ-ნელა მეორე, პარალელურ სამყაროში, უკეთეს ბაზრებში, ევროკავშირში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მათ შორის აზიაში უნდა დავიმკვიდროთ თავი. ამ ორ პოლუსზე მიდის გარკვეული განვითარება", - განმარტავს ხეცურიანი.

"სომელიეთა ასოციაციის" პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ფინანსური თვალსაზრისით რუსული ბაზარი ბიზნესისთვის შეუდარებელია, თუმცა რისკებიც გაცილებით მაღალია.

"რა თქმა უნდა, ფინანსურად პირველი შეუდარებელია, მაგრამ რისკებია - 10 წუთში შეიძლება აღარც იარსებოს ამ პოლუსმა. რაც შეეხება მეორე სამყაროს, რომელიც ჩვენი ხვალინდელი დღეა, აქ ნელ-ნელა ვკრეფთ ფეხს. მეორე ბაზარზე მოხვედრა გაცილებით რთულია, ცნობადობა ნაკლებია, კონკურენცია ძალიან დიდია და ხარჯიც მეტი გაქვს, მოლოდინიც გაცილებით სხვაა", - განმარტავს შალვა ხეცურიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები