მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საგანმანათლებლო სექტორის შემოსავლებმა ₾3.3 მლრდ-ს მიაღწია - Galt & Taggart

შემოსავლები

საინვესტიციო ბანკმა Galt&Taggart საქართველოს საგანმანათლებო სექტორის კვლევის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, სექტორის შემოსავლები 2021-23 წლებში 18.7%-ით გაიზარდა და გასულ წელს, 3,3 მილიარდ ლარს მიაღწია.

კვლევის თანახმად, ზრდა განაპირობა სამთავრობო ინვესტიციების მატებამ, უცხოელი სტუდენტების შემოდინებამ, სწავლის გადასახადის ზრდამ და კერძო სკოლებში მოსწავლეთა მიღების გაზრდილმა მაჩვენებელმა.

2023 წელს სექტორში ყველაზე მაღალი შემოსავალი - ₾1.5 მილიარდი - ზოგადი განათლების კომპონენტში ფიქსირდება, ₾1.1 მილიარდი - უმაღლესი განათლების კომპონენტში, ₾0.6 მილიარდი კი - სკოლამდელი განათლების კომპონენტში.

ამასთანავე, ანგარიშში განმარტებულია, რომ ზოგადი განათლების დაფინანსებაში ყველაზე დიდ სახსრებს სახელმწიფო დებს, რითაც მთავრობა სექტორისთვის შემოსავლის მთავარი წყაროა. თუმცა ბოლო წლებში ასევე გაიზარდა მოთხოვნა კერძო განათლებაზე, რითაც, შესაბამისად, იზრდება სექტორში ჯიბიდან დანახარჯებიც.

Galt&Taggart-ის კვლევის თანახმად, განათლებაში სახელმწიფოს დანახარჯები 2010-23 წლების განმავლობაში 12.8%-ით გაიზარდა, თუმცა ზრდის მიუხედავად, მთავრობის მიერ განათლებაში ჩადებული თანხის მშპ-სთან შეფარდება კვლავ მცირეა - 2023 წელს ეს მაჩვენებელი 3.6% იყო. შესადარებლად, ევროკავშირის მასშტაბით, საგანმანათლებლო სექტორში სახელმწიფოს მიერ გაღებული სახსრები, საშუალოდ, მთლიანი შიდა პროდუქტის 5.0%-ია.

კვლევის ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლება 2028 წლისთვის ამ თანაფარდობის 6%-მდე გაზრდას გეგმავს.

2023 წელს საგანმანათლებლო სექტორის შემოსავლების 70.9% საჯარო სექტორზე მოდიოდა, თუმცა ბოლო წლების დინამიკა აჩვენებს, რომ კერძო სექტორის წილი მთლიან შემოსავლებში სტაბილურად მზარდია.

Galt-ის პროგნოზით, საგანმანათლებლო სექტორის შემოსავლები ორნიშნა ზრდას შეინარჩუნებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები