მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველო რუსეთის უფრო მეტმა მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა

საბაჟო ყაზბეგი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზღვრის კვეთის 2023 წლის მეოთხე კვარტალის ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც საქართველო გასულ წელს უფრო მეტმა რუსეთის მოქალაქემ დატოვა, ვიდრე შემოვიდა.

გასული წლის განმავლობაში საქართველოში ყველაზე მეტი საზღვრის კვეთა სწორედ რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. მთლიანობაში რუსეთიდან 1,856,237 შემოსვლა დაფიქსირდა, ხოლო საქართველო დატოვა რუსეთის 1,887,223 მოქალაქემ. შესაბამისად, ქვეყნიდან 30,986-ით მეტი რუსეთის მოქალაქე გავიდა, ვიდრე - შემოვიდა. ეს ნიშნავს, რომ მთლიანობაში ქვეყანაში მყოფი რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა თითქმის 31 ათასით შემცირდა.

ეს ჯერჯერობით მიგრაციის ოფიციალური სტატისტიკა არაა, მას საქსტატი რამდენიმე თვეში გამოაქვეყნებს, თუმცა აღნიშნული მონაცემები უკვე მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა შემცირებულია.

2022 წლის მიგრაციის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში წლის განმავლობაში 6 თვეზე მეტი ხნით 62,304 რუსეთის მოქალაქე დარჩა, შესაბამისად ამ მიგრანტების რაოდენობა 2023 წელს შემცირდა, ხოლო შემცირების მაქსიმალური მაჩვენებელი მათემატიკურად 31 ათასი შეიძლება ყოფილიყო. უშუალოდ რამდენი იყო კლება ეს მიგრაციის სტატისტიკის გამოქვეყნებასთან ერთად გამოჩნდება.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობის შემცირებაზე მეტყველებს ფულადი გზავნილების სტატისტიკაც, რადგანაც მაგალითად 2023 წლის დეკემბერში რუსეთიდან საქართველოში 71 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 250 მილიონი დოლარით, ანუ 78%-ით ნაკლებია.

კვარტალების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში საქართველოში რუსეთის მოქალაქეთა მოძრაობა ასეთი იყო:

პირველი კვარტალი - 298,285 შემოსვლა, 320,236 გასვლა, სხვაობა მინუს 21,951 მოქალაქე;
მეორე კვარტალი - 443,624 შემოსვლა, 427,443 გასვლა, სხვაობა პლუს 16,181 მოქალაქე;
მესამე კვარტალი - 766,278 შემოსვლა, 780,514 გასვლა, სხვაობა მინუს 14,236 მოქალაქე;
მეოთხე კვარტალი - 348,050 შემოსვლა, 359,030 გასვლა, სხვაობა მინუს 10,980 მოქალაქე.

2023 წელი ჯამი - შემოსვლა 1,856,237 მოქალაქე, გასვლა 1,887,223 მოქალაქე, სხვაობა - მინუს 30,986 მოქალაქე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები