შს მინისტრის ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ ადამიანები ქვეყნიდან იმიტომ მიდიან, რომ ვიზალიბერალიზაციაა და ქვეყნიდან ადვილად გადიან. პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას მინისტრმა ისიც აღნიშნა, რომ ემიგრაცია მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ადამიანები იქ მიდიან, სადაც უკეთესი სამუშაო პირობები ეგულებათ.
„მიგრაციაში ხალხი იქიდან გამომდინარე მიდის, რომ ვიზალიბერალიზაციაა და ქვეყნიდან ადვილად გადიან. მე მგონია, რომ მარტო ჩვენს ქვეყანაში არ ხდება ეს. ჩემს კოლეგებს აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების შს მინისტრებსაც აქვთ პრობლემა - პოლონეთიდან, ლატვიიდან, ლიეტუვიდან მიდიან მაგალითად გერმანიაში, სხვა ქვეყნებიდან მიდიან იქ, სადაც მიიჩნევენ, რომ უკეთესი ანაზღაურება ექნებათ. გამიხარდება, რომ ყველა ჩვენი ქვეყნის მოქალაქე დაბრუნდეს და საუკეთესო პირობები იყოს ჩვენთანაც“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა და დასძინა, რომ შსს-სთვის მიგრაციის 2023 წლის სტატისტიკა ჯერ არ აქვს, რადგან უწყება აღნიშნული აღნიშნული სტატისტიკა საქსტატს ივნისისთვის ექნება.
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ სხვა არაერთ დეპუტატთან ერთად ჰკითხა, თუ რატომ არის გაზრდილი მიგრაცია. დეპუტატის თქმით, ივანიშვილის პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის 12 წელიწადში საქართველო 800 000-მა მოქალაქემ დატოვა.