მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა შემცირდა

მატარებელი რკინიგზა

2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა 8.2%-ით შემცირდა და 13.6 მილიონი ტონა შეადგინა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ტვირთბრუნვის შემცირება ძირითადად სატრანზიტო გადაზიდვების შემცირებას უკავშირდება. თუკი 2022 წელს სატრანზიტო ტვირთების მოცულობა 8.6 მილიონი ტონა იყო, 2023 წელს ის 7.7 მილიონ ტონამდე შემცირდა.

სატვირთო გადაზიდვების კლება აისახა საქართველოს რკინიგზის შემოსავლებშიც, 2023 წლის 9 თვის ფინანსური ანგარიშის თანახმად, კომპანიის შემოსავალი 2%-ით, 481 მილიონ ლარამდე შემცირდა. თუმცა უცნობია როგორი იყო რკინიგზის სრული ფინანსური შედეგები, რადგანაც კომპანიას 2023 წლის მთლიანი ფინანსური ანგარიში ჯერჯერობით გამოქვეყნებული არ აქვს.

სატრანსპორტო სტატისტიკიდან ირკვევა, რომ რკინიგზის მიერ გადაზიდული სატრანზიტო ტვირთების 47% რუსული წარმოშობის იყო, 26% აზერბაიჯანული წარმოშობის, 3.4%-ის გამომგზავნი - თურქმენეთი, 3.2%-ის რუმინეთი, 2.8%-ის ბულგარეთი, 2.3%-ის თურქეთი, 1.3%-ის ბელარუსი ბელარუსი, 1.2% კი გამოგზავნილი იყო ჩინეთის მიერ.

აღსანიშნია, რომ საანგარიშო პერიოდში, რკინიგზით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 28.9 პროცენტი მოდიოდა ლითონის მადანსა და სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სხვა ნედლეულზე, 28.5 პროცენტი - ქვანახშირის, ნედლი ნავთობისა და ბუნებრივი აირის სასაქონლო ჯგუფზე, ხოლო 12.7 პროცენტი - საკვებ პროდუქტებსა და სასმელებზე.

2023 წელს საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვის კლება მიანიშნებს იმაზე, რომ საერთაშორისო გადამზიდავების მხრიდან შუა დერეფნის ათვისება შემცირდა, რაც სხვადასხვა ფაქტორთან შეიძლება ყოფილიყო დაკავშირებული, მათ შორის ლოგისტიკის ფასთან, მარშრუტის ეფექტიანობასა და სხვა გარემოებებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები