2023 წელს საქართველოში 27 277 მართვის მოწმობა გაიცა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი მონაცემებით, გასული წლის პირველ კვარტალში 5746 მართვის მოწმობა გაიცა, მეორე კვარტალში - 7299, მესამეში - 7420, ხოლო მეოთხე კვარტალში - 6812.
რაც შეეხება უცხოელებზე გაცემულ მართვის მოწმობებს, 2023 წელს საქართველოში მართვის მოწმობა რუსეთის 97-მა მოქალაქემ, უკრაინის 18-მა და ბელარუსის 19-მა მოქალაქემ აიღო.
აღსანიშნია, რომ 2022 წელს გაცემული მართვის მოწმობების საერთო რაოდენობამ 30 515 შეადგინა, ხოლო 2021 წელს - 47 891.
2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში "აქტიური" სტატუსით რეგისტრირებულ პირებზე რიცხული მართვის მოწმობების (01.04.2006 წლის შემდეგ გაცემული) რაოდენობამ 1,421,804 შეადგინა, მაშინ, როცა 2021 წლის ბოლოს, მართვის მოწმობის მფლობელთა საერთო რაოდენობა 1,395,995 იყო.
ცნობისთვის, გასული წლის 1-ელი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს სატრანსპორტო საშუალების ტექნიკურ გამართულობასთან დაკავშირებული კითხვები დაემატა.
გარდა ამისა, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2023 წლის 1-ელი სექტემბრიდან "C" და "D" კატეგორიების და "C1" და "D1" ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი გახდა. ცვლილებების მიხედვით, პრაქტიკული გამოცდის პირველი ეტაპის (მოედანი) წარმატებით ჩაბარების შემდეგ, მძღოლობის კანდიდატი გადაინაცვლებს მეორე ეტაპზე, რაც გულისხმობს რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში გამოცდის ჩაბარებას.
შეგახსენებთ, რომ „B“ და „BE“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდები ორეტაპიანი 2022 წლის 25 აპრილიდან გახდა.