2023 წელს საქართველომ სატელეკომუნიკაციო და IT-მომსახურების ექსპორტით 891 966 900 აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით 49.3%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
ამ მომსახურების ექსპორტით 2022 წელს ქვეყანაში 597 239 500 აშშ დოლარი შემოვიდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს მთლიან მომსახურების ექსპორტში სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურებაზე 12.6% მოდიოდა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა ჯამში 7.05 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (1 022.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (958.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (423.8 მლნ. აშშ დოლარი).
2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 57.7% შეადგინა.
უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები: რუსეთი (534.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (521.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (206.9 მლნ. აშშ დოლარი).