მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს სემეკში ყველაზე მეტი საჩივარი GWP-ზე შევიდა - რაზე დაობდნენ მომხმარებლები?

gwp

2023 წელს სემეკის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტმა ყველაზე მეტი განაცხადი წყალმომარაგების სექტორთან დაკავშირებით მიიღო, რაც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაკავშირებულ მაღალ მიმართვიანობას უკავშირდება.

სემეკის წლიური ანგარიშის მიხედვით, ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის და წყალმომარაგების სექტორების კომპანიებს შორის მომხმარებლები ყველაზე ხშირად სწორედ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“ დაობენ.

საჩივრები წყალმომარაგების სექტორში

გასულ წელს სასმელი წყლისა და წყალარინების სექტორში სადავო საკითხები იყო კომპანიის მხრიდან ხანდაზმული დავალიანების გადახდის მოთხოვნა, მომხმარებლებზე პირობითი დარიცხვები. ასევე, ჩვენებების არადროული აღება და გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული საკითხები.

სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით სემეკის აპარატის მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 1 333 განცხადება/საჩივარი შევიდა, რომელთა 85% „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერზე“ მოდის.

განხილვის შედეგად სრულად საჩივრების 47% დაკმაყოფილდა. წყალმომარაგების სექტორში მომხმარებლებს 443 336 ლარი ჩამოეწერათ.

საჩივრები ელექტროენერგეტიკის სექტორში

2023 წელს მომხმარებელთა საჩივრების დეპარტამენტში 1001 განცხადება/საჩივარი შევიდა, საიდანაც ყველაზე მეტი „თელასს“ ეხებოდა.

დავის მიზეზებს შორისაა: ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანებისას თანხის არასწორი დარიცხვა, დეპოზიტის თანხის არასწორი დარიცხვა, დაკვირვებისა და დარიცხვის პერიოდის არასწორად განსაზღვრა. სემეკის თანახმად, მნიშვნელოვანია დავების ის ნაწილი, რომელიც ეხება ხანდაზმულ დავალიანებებს, ასევე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საკითხებს.

კომპანიების მიხედვით საჩივრების რაოდენობა ასე განაწილდა:

  • სს თელასი" – 497
  • სს „ენერგო-პრო ჯორჯია" – 267
  • შპსთბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" – 258
  • სსეპ ჯორჯია მიწოდება" – 33

სადავო საკითხების განხილვის შედეგად სრულად მათი 53% დაკმაყოფილდა. გასულ წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ 1.3 მლნ ლარამდე შეადგინა.

საჩივრები ბუნებრივი გაზის სექტორში

ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით სემეკში 609 განცხადება/საჩივარი შევიდა.

დავების ძირითადი მიზეზი იყო კომპანიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის არასრულყოფილი განხილვა ან დარღვევის არასწორი კვალიფიკაცია; მრიცხველის მოხსნისა და მონტაჟის, ასევე მრიცხველის დალუქვის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობა, აღნიშნულ პროცედურებზე მომხმარებლის დასწრება-არდასწრების პრობლემა; თანხის არასწორი დარიცხვა. მომხმარებლის საჩივრები გამოწვეული იყო ასევე გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული საკითხებით.

ყველაზე მეტი საჩივარი „თბილისი ენერჯის“ უკავშირდებოდა. უფრო დეტალურად, საჩივრები კომპანიების მიხედვით ასე ნაწილდება:

  • შპს „თბილისი ენერჯი" – 288
  • შპსსოკარ ჯორჯია გაზი" – 215
  • სსსაქორგგაზი" – 47
  • სსენერგოკავშირი" - 18
  • შპსთელავგაზი" – 17
  • შპსვარკეთილაირი" – 10
  • შპსდიდი დიღომი" – 6
  • შპსყამარი მ" – 4
  • შპსინტერგაზი“ – 2
  • სსსაჩხერე გაზი" – 1
  • შპს "გაზკო" – 1

ბუნებრივი გაზის სექტორში სრულად საჩივრების 32% დაკმაყოფილდა. მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ კი 118 567 ლარი შეადგინა.

ცნობისთვის, გასულ წელს ენერგოომბუდსმენის აპარატს 10 ათასამდე მომხმარებელმა მიმართა. ყველაზე მეტი საჩივარი ელექტროენერგეტიკის მიმართულებას ეხებოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები