2023 წელს ენერგოომბუდსმენის აპარატს 10 ათასამდე ადამიანმა მიმართა. როგორც ენერგოომბუდსმენმა სალომე ვარდიაშვილმა „საქმიანი დილის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, ენერგეტიკის სექტორში მომუშავე კომპანიების მიმართ არსებული პრეტენზიები უსამართლოდ დარიცხულ დავალიანებებთან ერთად, მომსახურების ხარისხს უკავშირდებოდა.
2022 წლის მსგავსად, 2023 წელსაც მიმართვებიდან ყველაზე მეტ, 232 განაცხადზე ადმინისტრაციული საქმის წარმოება ელეტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიების მისამართებით დაიწყო, 194 შემთხვევაში ეს წყალმომარაგების, 116 შემთხვევაში კი ბუნებრივი აირის მიმწოდებელ კომპანიებს ეხებოდათ.
„თუკი რაიმე პრეტენზია არსებობს ენერგეტიკის სექტორში ლიცენზირებული კომპანიების მიმართ, ჩვენ მზად ვართ მათ გავუწიოთ სრული სამართლებრივი კონსულტაცია. მომხმარებელი მასობრივად მოგვმართავდნენ კონსულტაციებისთვის და იქამდე იგებდნენ მათი უფლებების შესახებ, ვიდრე ეს უფლებები დაირღვეოდა.
ახალი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, გაზრდილია ელექტრონულად მომართვიანობის რიცხვი, რაც ზოგავს დროს და რესურსს.
2023 წელს სულ 10 ათასი მომართვა გვქონდა. ყველაზე მეტი საჩივარი შემოვიდა ელექტოროენერგეტიკის მიმართულებით. მათგან ადმინისტრაციული საქმის წარმოება 232 განაცხადზე დაფიქსირდა, წყალმომარაგებაზე 194, ბუნებრივ გაზზე კი 116. აქ საუბარი არ არის მხოლოდ არასწორად დარიცხულ თანხებზე, აქ საუბარია მომსახურების ხარისხზე, მაგალითად ხშირი წყვეტები, სარემონტო სამუშაოები, გაჭიანურებები და ა.შ. განსაკუთრებით ეს ეხება უამინდობის დროს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას.
დარიცხულ თანხებთან მიმართებით ძირითადი მიზეზია მწყობრიდან გამოსული მრიცხველები. აქ შეცდომები ფიქსირდება და მომხმარებლების პრეტენზიები რეალურია.
რაც შეეხება წყალს, რეგიონებთან ერთად ეს პრობლემაა დედაქალაქის მოსახლეობისთვის. აქ ყველაზე კარგი ფაქტია ის, რომ მიმდინარეობს მთელი რიგი ინფრასტრუქტურის შეცვლა რაც მიგვიყვანს იქამდე, რომ იმდენი პრობლემა აღარ გვექნება, რაც დღეს არსებობს“, - განაცხადა ვარდიაშვილმა.