2023 წლის დეკემბრის მონაცემებით საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 23 016 პირით შემცირდა და სახელმწიფო შემწეობას სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე 647 535 პირი იღებდა.
სოციალური მომსახურების სააგენტოს ოფიციალური მონაცემებით, წლის ბოლოსთვის საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობიდან 439 993 მხოლოდ შემწეობას იღებდა, ხოლო 207 542 პირი საარსებო შემწეობის მიღებასთან ერთად სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარი იყო, რომლებსაც პროგრამის პირობების მიხედვით სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ბოლოსთვის სოცდაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამაში 2022 წლის ამავე პერიოდთან შედარებით 72 334 -ით მეტი ადამიანი იყო ჩართული.
საარსებო შემწეობის მიმღებებს თუ ოჯახების ჭრილში შევხედავთ, სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით, საარსებო შემწეობას ქვეყანაში 168 863 ოჯახი იღებდა, რაც 10 712 ოჯახით ნაკლებია 2022 წლის ამავე პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობასთან შედარებით [179 575 ოჯახი].
უწყების მონაცემებით, გასულ წელს საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში 45 916 ოჯახი იყო ჩართული, რომლებსაც სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად 4 წლის განმავლობაში უნარჩუნდებათ. უნდა აღინიშნოს, რომ საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამაში ბენეფიციარი ოჯახების რაოდენობა 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით გაზრდილია. 2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, ეს რიცხვი 29 711 ოჯახს შეადგენდა.
აქვე უნდა ითქვას, რომ სახელმწიფომ სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამა 2022 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო.
ცნობისთვის: სოციალური მომსახურების სააგენტოზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მოქმედი მეთოდოლოგიით შეფასებულ ოჯახებზე გათვალისწინებულია საარსებო შემწეობის შემდეგი ოდენობები:
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 30 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 60 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 30 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 57 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 50 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 57 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 60 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 40 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაა 60 001 და მეტი, მაგრამ ნაკლებია 65 001 ქულაზე - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 30 ლარით ოჯახის ყველა წევრზე;
ოჯახი, რომლის სარეიტინგო ქულაც 120 001-ზე ნაკლებია - საარსებო შემწეობა განისაზღვრება 200 ლარით ოჯახის თითოეულ 16 წლამდე ასაკის წევრზე.